გიორგი მარგველაშვილი ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ისრაელში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ქართველ ებრაელებთან გამართა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელები საქართველოში არსებული ვითარებით, საქართველო-ისრაელის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კონკრეტული გეგმით და საქართველოს ევროპული არჩევანით დაინტერესდნენ.
გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ებრაელებს საქართველოში ინვესტიციების ჩადებისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საქართველო ერთერთი წამყვანი ქვეყანაა ბიზნესის კეთების მაჩვენებლით, ძალიან დაბალია კორუფციის დონე, ლიბერალურია საგადასახადო სისტემა, ამიტომ საქართველოში ინვესტირება მრავალმხრივ სასარგებლოა.
„როდესაც ფიქრობენ საქართველოზე, ფიქრობენ პატარა, 4-მილიონიან ქვეყანაზე, მაგრამ რეალურად იმ ადამიანებს, რომელბიც ფიქრობენ, რომ ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში, რეალურად აქვთ 500-მილიონიანი გასავლელი ევრიკავშირის ბაზარზე, ასევე თურქეთის ბაზარზე, რომელთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ბაზრებზე. ასე რომ, ის ბიზნესმენები, რომლებიც ფიქრობენ საქართველოში ინვესტირებაზე, დაახლოებით მილიარდიან ბაზარში აკეთებენ ინვესტირებას და ეძლევათ შესაძლებლობა, რომ მილიარდიან ბაზარზე ივაჭრონ“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ისრაელში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაგმო ტერორიზმის ნებისმიერი სახით გამოვლინება და აღნიშნა, რომ მთელი ქართული საზოგადეობა იზიარებს იმ ტკივილს, რომელიც ისრაელში მომხდარ ტერორისტულ აქტებს უკავშირდება. პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი ებრაელობა ძალიან სერიოზული რესურსია საქართველოსათვის, რადგან ეს არის ერთერთი ძლიერი ჯგუფი აქ, ისრაელში და ეს ჯგუფი განსაკუთრებით წარმატებულ საქმიანობას ეწევა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ისრაელი დღეს არსებობს, როგორც თანამედროვე სახელმწიფო. საქართველოსათვის ისრაელის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა და ეს გამოცდილება საქარTველომ უნდა გაიზიაროს.
ეს უნდა მოხდეს სახელმწიფოებრივ დონეზე. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უნდა გაღრმავდეს საქართველო-ისრაელის ურთიერთობები არა მხოლოდ ეკონომიკური და თავდაცვისუნარიანობის აღდგენის მიმართულებით, არამედ განათლებისა და კულტურის მიმართულებითაც.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ევროპა საქართველოს ისტორული არჩევანია, ამ კურსით მიდიოდა საქართველო 1921 წლიდან და ამ მიმართულებით აწარმოებდა პოლიტიკას ქვეყნის სამივე პრეზიდენტი: ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი.