კვიპროსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში თურქეთის შესვლას დაბლოკავს
კვიპროსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მომავალშიც დაბლოკავს თურქეთსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებას, რომლის გააქტიურებასაც ევროპის კავშირი ანკარის მიერ ლტოლვილების პრობლემის მოგვარებაში დახმარების სანაცვლოდ გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
კვიპროსი უკვე რამდენიმე წელია ბლოკავს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებას და მიზეზად თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპაციას ასახელებს.
„ვინაიდან ამ მხრივ მდგომარეობა არ შეცვლილა, ჩვენ თურქეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებაზე თანხმობას ვერ მივცემთ“, – განაცხადა კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოანის კასულიდისმა საბერძნეთის ტელევიზიით გამოსვლისას. ევროკავშირის ლიდერებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ ევროკავშირი თურქეთის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებას განაახლებენ. სანაცვლოდ ანკარამ ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილების საკითხის მოგვარებაში ევროკავშირს დახმარება აღუთქვა.