თბილისის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2015“ დაჯილდოვება გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2015“- დაჯილდოვება გაიმართა.
დაჯილდოების ცერემონიალი საკრებულოს თავმჯდომარემ – გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ ლიტერატურისა და ხელოვნებისკონკურსი „თბილისი“ თავისი ფორმატით, ქართულ სახელოვნებო სივრცეში მართლაც ერთგვარ ნოვაციას წარმოადგენდა და ხელოვნების არაერთ სფეროს მოიცავდა. ამასთან, კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა შესძლო. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში განიხილებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი საავტორო ნაწარმოების პირველადი (გადაუმუშავებელი) ვერსია და კონკურსანტს – ნებისმიერ თემატიკაზე – შეეძლო თითო ნომინაციაში მხოლოდ ერთი ნაწარმოების წარდგენა, ისე რომ გვერდების რაოდენობა შეზღუდული არ ყოფილა. სწორედ, ბარიერების არარსებობამ მისცა ხელოვანებს უპრეცედენტო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა.
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს „თბილისი“-ში გამოვლინდა ლიტერატურის, ფერწერის, არქიტექტურის, სკულპტურის, სიმღერის და ფოტოგრაფიის დარგში მოღვაწე შემოქმედების ინტელექტუალური პოტენციალი, ხოლო ჟიურის შვიდკაციანმა შემადგენლობამ – ნიკოლოზ შენგელაიამ, დათო ევგენიძემ, ნესტან ნიჟარაძემ, კონსტანტინე ჯანდიერმა, მურაზ მურვანიძემ, მარიამ წიკლაურმა და დიმიტრი მოსულიშვილმა უზრუნველყო ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა. ჟიურის სახელმძღვანელო კრიტერიუმებს წარმოადგენდა: პროფესიონალიზმი, სახელოვნებო ოსტატობა, სალიტერატურო ფორმებისა და მხატვრული ხერხების ფლობა, ნაწარმოების ესთეტიკური მხარე, თბილისისთვის საინტერესო და აქტუალური თემების დამუშავება და ინოვაციური აზროვნება.
ჟიურიმ სამასამდე ნამუშევრიდან თითო ნომინაციაში გამოავლინა მხოლოდ ერთი გამარჯვებული.
წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები – ნიკოლოზ ქვრივიშვილი;
წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები – სოსო მეშველიანი;
წლის საუკეთესო ესე („ჩემი თბილისი“ – სასკოლო ასაკის ბავშვებისვის) – ცოტნე ცქიტიშვილი;
წლის საუკეთესო სიმღერა – ნინო ჩხიკვაძე;
წლის საუკეთესო ფერწერა – ჯულია სანიკიძე;
წლის საუკეთესო ქანდაკება – დათო აბაშვილი;
წლის საუკეთესო ფოტოხელოვნება – ვახტანგ ხეთაგური;
წლის საუკეთესო არქიტექტურა – გეგა ასტახიშვილი;
ჟიურის სპეციალური პრიზი – ნინო სადღობელაშვილი.
გამარჯვებულებს გადაეცა კონკურსის პრიზი (სიმბოლო, XII საუკუნის არტეფაქტის – ხოხბის – გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი), რომელიც სპეციალურად ამ კონკურსისთვის გიორგი (გია) ჯაფარიძემ შექმნა. ამათან, გამარჯვებული ავტორებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დააწესა ერთჯერადი ფულადი განაცემი (ჯილდო) 1500 (ერთიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ – რიმა ბერაძემ ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის მადლობის დიპლომი გადასცა რეზო ჭეიშვილის ოჯახს.
წამახალისებელი საჩუქრები და დიპლომები გადაეცათ: მირიან რჩეულიშვილს, მიხეილ ტატანაშვილს, ნინო გუგეშაშვილს, ბაღათერი არაბულს, გიორგი არაბულს, კატო ჯავახიშვილს, თინათინ მღვდლიაშვილს, ლიზი ბუდაღაშვილს, ნინო გოგნაძეს, სოფიო ჭელიძეს, მარიანა ჩოჩიას, დავით არჩვაძეს, გიგი ჭიპაშვილს, ლელა ცუცქირიძეს და გენადი ზაქარაიას.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ – თამარ ტალიაშვილმა კონკურსანტებს გამარჯვება მიულოცა და თითოეულ მონაწილეს დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა. დეპუტატის თქმით, კონკურსი მეტ მაშტაბებს შეიძენს და ყოველწლიური ხასიათის იქნება. კონკურსის მიზანია ერთ სახელოვნებო დისკუსში ხელოვნების ყველა დარგის წარმომადგენლის გაერთიანება.