სტამბოლის აეროპორტში ბრიტანელი ჟურნალისტი ჩამომხრჩვალი იპოვეს
თურქეთის პოლიცია დიდი ბრიტანეთის 50 წლის ჟურნალისტის ჟაკლინ სატონის საიდუმლო გარდაცვალებას იძიებს. ტელერადიოკომპანია „ბი-ბი-სის“ ყოფილი თანამშრომელი სტამბოლის აერორპორტში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგანაც ერაყში მიმავალი თვითმფრინავის რეისზე დააგვიანა. სატონის მეგობრებს და კოლეგებს ამის არ სჯერათ და მიაჩნიათ, რომ ჟურნალისტი მოკლეს, ხოლო სუიციდი ინსცენირებული იყო.
ბოლო დროს ჟაკლინ სატონი ადამიანის უგფლებების დაცვის ორგანიზაცია „ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ერაყის ფილიალის დირექტორის პოსტს იკავებდა. სტამბოლში ის ლონდონიდან ჩაფრინდა, ხოლო შემდეგ ერაყის ქურთისტანის დედაქალაქ ერბილში ჩასვლას აპირებდა.
გამოძიების ინფორმაციით, სატონმა თვითმფრინავზე დაიგვიანა. ამის შემდეგ მას სხვა რეისზე ბილეთის შეძენა შესთავაზეს. ავიაკომპანიის წარმომადგენლების თქმით, ამან სატონი ძალზე გაანაწყენა, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ის ტუალეტში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ „ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ყოფილი ხელმძღვანელი ამმარ ალ-შაჰბანდერი ბაღდადში ხუთიოდე თვის წინ დაიღუპა. ის დანაღმული ავტომობილის აფეთქებას ემსხვერპლა.
სატონის კოლეგები და მისი ახლობლები აცხადებენ, რომ თვითმკვლელობის ვერსია არადამაჯერებელია. მათ მიაჩნიათ, რომ „ჯეკი ვიღაცამ მოკლა“.
ბოლო დროს IWPR („ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი“) „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ქალების უფლებების დარღვევის გაშუქებით იყო დაკავებული.
ყოფილი ჟურნალისტის კოლეგებს იმედი აქვთ, რომ მისი დაღუპვის გამოძიება ზედმიწევნით მოხდება.