„ზურამ მითხრა, ჩემს მკვლელს ნუ ეძებთ, მიშამ მომკლაო”

„ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების პირველივე წუთებიდან მჯერა, რომ ის მოკლულია, ხოლო ხარშილაძე-ძაძამიას პროცესებმა კიდევ უფრო გამიმყარეს ეს მოსაზრება”, – ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრი და მეგობარი მარინა მოლოდინი გაზეთ “ასავალ-დასავალთან” საუბრისას აცხადებს.
მოლოდინი გამოცემასთან თავისი სიზმრების შესახებ საუბრობს.
“ამ 10 წლის განმავლობაში ზურა არაერთხელ დამსიზმრებია, ყოველთვის ერთსა და იგივე მდგომარეობაში – მორგში.
ერთხელ მესიზმრა, რომ წამოჯდა და მითხრა, ჩემს მკვლელს ნუ ეძებთ, მიშამ მომკლაო”, – აცხადებს მოლოდინი.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ უნდა მოეკლათ ჟვანია, მარინა მოლოდინი პასუხობს: “წლების განმავლობაში ებრძოდნენ, მზარდი პოლიტიკოსი იყო, ბოლო პერიოდში მის გაპრეზიდენტებაზე ლაპარაკობდნენ. როდესაც პრემიერ-მინისტრი გახდა, მისმა რეიტინგმა ზრდა დაიწყო. ხალხს იმედი გაუჩნდა, მიხვდნენ, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის ერთადერთი შემაკავებელი ძალა სწორედ ჟვანია იყო. ამიტომ მათთვის ერთადერთი გზა, ჟვანიას მოშორება იყო”.
მარინა მოლოდინი ზურაბ ჟვანიასთან ბოლო შეხვედრას იხსენებს.
“ბოლო შეხვედრა მის კაბინეტში შედგა, ისეთი ბედნიერი იყო. მითხრა: “მარინა, კომუნისტების დროს სახელმწიფო ბიუჯეტი 4 მილიარდ-ნახევარი იყო, წელს 4 მილიარდი გვექნება, იცი, რა სახელმწიფოს ავაშენებთ? მომავალ წელს 7 მილიარდი გვექნება, ნახავ, შენს მთებში რას გაგაკეთებინებ”. ამ დროს სელექტორზე დაურეკეს, ვანო მერაბიშვილი მოდისო. ჩემდა გასაოცრად, უცებ ზურა გარდაიქმნა, ანერვიულდა. მერაბიშვილი რომ შემოვიდა, ზურამ ახსნა დაუწყო, მარინა შემოვიდა, მეხვეწება, მთისთვის თანხა გამომიყავიო. ძალიან ცუდ გუნებაზე გამოვედი, ასეთი ანერვიულებული ზურა, ხელი რომ აჰკანკალებოდა, არ მენახა.
ბოლო დროს სულ ვგრძნობდი, რომ შეიძლებოდა, მოეკლათ. იმ დილით, როდესაც დედაჩემმა მითხრა, ტელევიზორი ჩართეო, მაშინვე ეს ვკითხე, რა იყო, ზურა მოკლეს-მეთქი? სხვა შეკითხვა არ გამჩენია”, – განაცხადა მოლოდინმა.
საუბარი ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიასაც შეეხო და მოლოდინმა აღნიშნა, რომ ბუსა პოლიტიკაში მოვა.
“ძალიან კარგი ბიჭია, კარგად სწავლობს და პოლიტიკაში მოვა”, – განაცხადა მარინა მოლოდინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები