“სააკაშვილს შიშისგან ერთი ადგილი უცახცახებს” – შალვა ხაჭაპურიძე მიზეზს ასახელებს

ჰააგაში დაწყებული გამოძიება ეყრდნობა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ტალიავინის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელშიც სააკაშვილისა და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სერიოზული მტკიცებულებები დევს, ამიტომ ყოვლად წარმოუდგენელია გამოძიებამ გვერდი აუაროს სააკაშვილს, – ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გაზეთ “ასავალ-დასავალთან” საუბრისას განაცხადა.
როგორც ადვოკატი გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჰააგის რიგით კი არა, მთავარი პროკურორი ჩამოვიდა, რაც, მისი თქმით, ნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით, მტკიცე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული.
“2008 წლის აგვისტოში ცხივნალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდა განხორციელდა, ამის დამტკიცებას დიდი გამოძიება არ სჭირდება, რადგან ყველაფერი ისედაც თვალნათელია. სხვა თუ არაფერი, ჰააგის პროკურორები გორსა და წეროვანში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს ესტუმრებიან, გაუბედურებულ ხალხს გაესაუბრებიან და ადვილად დარწმუნდებიან, რომ რუსეთმა ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელა. რაც შეეხება სამშვიდობო ნაწილებზე თავდასხმას, ამის შესახებ ტალიავინის დასკვნაში შავით თეთრზე წერია და სააკაშვილის ხელისუფლება პირდაპირ არის დადანაშაულებული მშვიდობისმყოფელთათვის ცეცხლის გახსნაში, რასაც რამდენიმე ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა”, – აცხადებს ხაჭაპურიძე.
მისივე თქმით, თუ ჰააგის გამოძიებით დადგინდა, რომ სააკაშვილმა ომის დანაშაული ჩაიდინა, არ იმოქმედებს ქვეყნის იმიჯზე.
“ზოგიერთი საკითხს ასეც აყენებს – თუ ჰააგის გამოძიებით დადგინდა, რომ სააკაშვილს ომის დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე ცუდად იმოქმედებსო. ვინც ასე ფიქრობს, მათთან ერთი კითხვა მაქვს – ნიურნბერგის პროცესზე ფაშისტური გერმანიის ლიდერები რომ გაასამართლეს, ამან გერმანიის იმიჯზე ცუდად იმოქმედა თუ პირიქით? პასუხი ცალსახაა – გერმანელმა ერმა სწორედ ნიურნბერგის პროცესზე ფაშისტების გასამართლებით ჩამოირეცხა ის შავი ლაქა, რომელიც მათ ქვეყანას ჰიტლერის რეჟიმმა მოსცხო”, – აცხადებს ხაჭაპურიძე. ადვოკატს მიაჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულისთვის ჰააგის სასამართლოს წინაშე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარდგებიან.
“სავარაუდოდ, დადანაშაულებული იქნება რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევიც, თუმცა, მის მიმართ სანქციების გატარება რამდენად მოხერხდება, ძნელი სათქმელია, რადგან რუსეთს რომის სტატუტი რატიფიცრებული არ აქვს და მასზე ჰააგის იურისდიქცია არ ვრცელდება”, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები