სანდრო ბრეგაძე სკანდალური კადრების გავრცელებას “ნაციონალებს” უკავშირებს და მორიგ ვერსიას აჟღერებს
“100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ გადაცემული კადრები”,- ამის შესახებ გაზეთ “პრაიმტაიმთან” საუბრისას უკრაინულ პორტალ tube.ua-ს მიერ წამების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ “ეროვნულების”ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.
ბრეგაძის თქმით, მთავარი აქ ის არის, რომ ასეთი რამ ხდებოდა და ამას აკეთებდა დღეს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად წარმოდგენილი “ნაციონალური მოძრაობა”.
“ამ კადრებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ეს არ არის არანაირი პოლიტიკური პარტია. ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელსაც ძალიან სერიოზული დანაშაულები ჩაიდინა. ამ კადრების გამოქვეყნებით რეჟიმის გასამართლების საკითხი კიდევ მეტი აქტუალობით დაისმევა”,-განაცხადა ბრეგაძემ და კითხვაზე შესაძლებელია თუ არა, რომ აღნიშნული კადრები სოდ-ის ყოფილ უფროსს ერეკლე კოდუას ჰქონოდა და იგორ კოლომოესკისთან შეხვედრის მიზეზი სწორედ ეს გამხდარიყო, ბრეგაძე აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” კლანური დაპირისპირება არსებობს და შესაძლებელია, ეს ამ დაპირისპირების შედეგი იყოს. “ყველა ყველაფერს იღებდა და ერთმანეთს უღებდნენ. შესაბამისად, ყველას ხელში შეიძლება აღმოჩენილიყო. რა თქმა უნდა, შანტაჟისთვის და საკუთარი თავის დაცვისთვის ამას მარტო ერთი არ გააკეთებდა და ასეთი კადრები ერთ ეგზემპლარად არ ექნებოდათ”, – აღნიშნავს ბრეგაძე.