ევროკავშირი სოფლის მეურნეობის სამინისტროს 8 მილიონ ევროს გამოუყოფს
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მორიგი ფინანსური დახმარების (8 მლნ ევრო) გამოყოფასთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ,,ევროკავშირი საქართველოს მრავალი მიმართულებით უწევს დახმარებას. სოფლის მეურნეობა არის მიმართულება, სადაც არის ძალიან დიდი პროგრამა ENPARD, რომელიც მოიცავს საბიუჯეტო დახმარებასაც. საქართველოს ხაზინაში ირიცხება თანხები პირდაპი რევროკავშირის გადასახადების გადამხდელებისაგან. როდესაც ამას ვაკეთებთ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ მიღწევებს, რომლიც უკვე ჩანს. ჩვენ საბიუჯეტო დახმარებით, ვაღიარებთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმინობის მიღწევებს. საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დაწყება მიზნად ისახავდა ქვეყანაში სოფლის მეურნობის დარგის გამოცოცხლებას. ჩვენ დავსახეთ მკაფიო მიზნები, რისთვისაც უნდა მიგვეღწია მომდევნო წლებში. იყო ბევრი ეჭვიც, თუ რამდენად მიღწევადი იყო ჩვენი მიზნები, მაგრამ კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ გადაჭარბებითაც კი შესრულდა დაგეგმილი. ახალი ტრანშის საქართველოსთვის გადაცემა, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს შეუძლია მიუახლოვდეს ევროკავშირს და ევროკავშირი მზად არის ხელი შეუწყოს ამ პროცესს. სოფლის მეურნეობა ისევ დარჩება ჩვენს პრიოტიტეტებს შორის“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ ეს არის სერიოზული სტიმული საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარებისთვის.
,,დღეს, ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან ოფიციალურად გაცხადდა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ ახალი ტრანშის – 8 მლნ ევროს გამოყოფის საკითხი. ეს არის ENPARD I – პროგრამის ფარგლებში გამოყოილი 52 მილიონი ევროს ნაწილი. ჩვენ პრაქტიკულად შევჯერდით ENPARD- II პროგრამის დაწყებაზეც, რომლის საერთო მოცულობა 60 მლნ ევროა. იმედი გვაქვს რომ რამდენიმე თვეში აღნიშნული პროგრამაც უკვე გაფორმდება. ENPARD- II- ს ფარგლებში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა გვექნება ეს გახლავთ სოფლის განვითარება, სოფლად სიღარიბის დაძლევა. ეს მოიცავს ყველა კომპონენტს არა მარტო სოფლის მეურნოების დარგს, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია. აღვნიშნავ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებისგან ასეთი მაღალი შეფასება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს არის სერიოზული სტიმული დარგის შემდგომი განვითარებისთვის. ეს დამატებითი წახალისება იქნება სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროკავშირს და ბატონ ელჩს ასეთი თანადგომისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
2013 წლიდან საქართველოში ხორციელდება ევროპის სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD), რომლის ბიუჯეტი 52 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარკვეული ვალდებულებები უნდა შეესრულებინა. მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საჯარო ფინანსური მართვის სისტემის (PFM) გამჭვირვალობა და სოფლის მეურნეობაში ერთიანი სამთავრობო სტრატეგიის შექმნა – აი ეს იყო ის სამი უმთავრესი პირობა, რომელიც ENPARD-ის საბიუჯეტო დახმარების ნაწილში თავიდანვე მიზნად დაისახა, და, ამ სამივე მიმართულებით, შემფასებელთა ჯგუფმა საუკეთესო შედეგები გამოავლინა. სწორედ მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და საჯარო ფინანსური მართვის სისტემის გამართულობამ განაპირობა საბიუჯეტო დახმარება, და, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ,,სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიაც“ საამისოდ მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო. დასახულ მიზნებს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ENPARD-მა სხვა კომპონენტებშიც მიაღწია – 2015 წლის 19 მაისისთვის 888 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დარეგისტრირდა, რაც დაგეგმილ ციფრთან, 50-თან შედარებით მკაფიო სხვაობაა. მათგან ოთხი ”მეორე დონის” კოოპერატივია, ფერმერულ კოოპერატივზე მაღალი რანგის ღირებულებათა ჯაჭვი, და, კოოპერატივთა რიცხვიც მუდმივად მზარდია. გადაჭარბებით შესრულდა ევროკავშირის კიდევ ერთი მოთხოვნა. პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 30-ზე მეტი რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი უნდა შექმნილიყო. 2013 წლიდან კი, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით, საერთაშორისო სტანდარტის 54 რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები შექმნა. დამოუკიდებელმა კომისიამ განსაკუთრებით მაღალი შეფასება მისცა მთავრობას იმისთვის, რომ მან შეძლო ”ბრწყინვალე და კონსტრუქციული” დიალოგის წარმართვა პროგრამის ყველა წევრთან – უშუალოდ ფერმერებიდან და კოოპერატივებიდან დაწყებული, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩათვლით. ანგარიშის თანახმად, მთავრობა ხედავს შემდგომი რეფორმების საჭიროებას და მზად არის მათ განსახორციელებლად და სწორედ ეს ქმნის მყარ საფუძველს პროექტის შემდგომი განვითარებისთვის, ხოლო ამის ეკონომიკური სარგებელი ადვილი დასანახია – 2014 წლის განმავლობაში ქვეყანაში 3.4 მილიარდი ლარის პირველადი აგრო-პროდუქცია შეიქმნა (1,37 მილიარდი ევრო), დამატებით 4.5 მილიარდი ლარის (1.81 მილიარდი ევრო) აგრო-პროდუქტი გამოუშვა გადამამუშავებელმა მრეწველობამ. ჯამურად, აგროწარმოების ზრდამ შარშან 10% შეადგინა, რის პასუხადაც 2014 წელს უცხოელმა ინვესტორებმა ქვეყნის აგროსფეროში 19 მილიონი ა.შ.შ. დოლარი დააბანდეს (17.2 მილიონი ევრო), მაშინ როცა ეს ციფრი 2013 წელს 12 მილიონ ა.შ.შ. დოლარს (10.8 მილიონი ევრო) არ აღემატებოდა. ინვესტიციათა ზრდა კი საქართველოს მიმდინარე ანგარიშს აუმჯობესებს, ამცირებს დეფიციტს. 2014 წელს აგრო-პროდუქციის ექსპორტი შარშანდელთან შედარებით 6,7%-ით გაიზარდა, რამაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ამ სეგმენტში, 2013 წელთან შედარებით 7.3%-ით შეამცირა, ხოლო 2012 თან შედარებით – მთელი 37%-ით.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ENPARD-მა სრულად მიაღწიეს ყველა დასახულ მიზანს და შესაბამისად, კომისიის დასკვნით, ევროკავშირმა უნდა გამოუყოს მომდევნო 8 მილიონი ევრო პროგრამის გასაგრძელებლად.
ბრიფინგის დასრულების შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ევროკავშირის ელჩმა სასოფლო სამეურნეო კოოპერტივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა დაათვალიერეს. ოთარ დანელიამ იანოშ ჰერმანს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისი, ტექნიკა და თანამედროვე აღჭურვილობაც დაათვალიერებინა, რომელის შეძენაც ევროკავშირის მორიგი პროექტის დახმარებით განხორციელდა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ელჩშ ღვინის ეროვნულ სააგენტოში ახლადგახსნილ ღვინის ცენტრშიც უმასპინძლა, სადაც მარანი, ენოთეკა და ღვინის მუზეუმი დაათვალიერებინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ბრიფინგს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშე ხუან ეჩანოვე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.