სირიის სამთავრობო ჯარი ალეპოსთან შეტევაზე გადავიდა
სირიის სამთავრობო ძალები ქალაქ ალეპოსთან შეტევაზე გადავიდნენ. „ბი-ბი-სის“ ცნობით, შეტევა რუსული ავიაციის მხარდაჭერით ხორციელდება. „სამხედრო ოპერაცია ალეპოს სამხრეთ მისადგომებთან მიმდინარეობს“, – განუცხადეს „როიტერს“ სირიის სამთავრობო სტრუქტურებში.
სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რამი აბდურაჰმანის ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ჯებელ აზანის რაიონში, ალეპოდან 12 კილომეტრში. ბაშარ ასადის ძალებმა ორი დასახლებული პუნქტი დაიკავეს.
სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებამდე ალეპო ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონი იყო, მაგრამ ამჟამად მისი მოსახლეობა ომისწინანდელ პერიოდთან შედარებით ორჯერ შემცირდა. ალეპოს ნაწილს დღეს სირიის სამთავრობო ძალები, ნაწილს კი ოპოზიციური დაჯგუფებები აკონტროლებენ.