ვინ გადაუხადა ირაკლი ოქრუაშვილს გირაო თავისუფლების სანაცვლოდ – ქიბარ ხალვაშის სკანდალური განცხადება

გვარამია მდევნის 2006 წლიდან დღემდე – ამის შესახებ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გაზეთ “ვერსიასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, გვარამიამ იცრუა, როცა თავის დროზე თქვა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო ქიბარ ხალვაშმა გადაუხადა.
ბიზნესმენი ამბობს, რომ ოქრუაშვილს გირაო იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გადაუხადა და გამოუშვა. ხალვაშის თქმით, ციხიდან ოქრუაშვილის გამოშვების შემდეგ მასთან მივიდნენ და უთხრეს, რომ ოქრუაშვილის გირაო უკანა რიცხვით მას უნდა გადაეხადა.

– აბა, ვინ გადაიხადა?
– რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ და თვითონვე გამოუშვეს. როგორ გადაიხადა და ვის მიატანინა, მე არ ვიცი, მაგრამ ციხიდან ოქრუაშვილის გამოშვების შემდეგ მომადგნენ და მითხრეს, რომ ოქრუაშვილის გირაო უკანა რიცხვით უნდა გადამეხადა. უშუალოდ კეზერაშვილმა მომთხოვა გირაოს გადახდა, რაზეც უარი ვუთხარი. ორი დღის შემდეგ კი, ბათუმში ჩემი ძმა აიყვანეს მძევლად და დააპატიმრეს. პატიმარს ტელეფონი დაუტოვეს და არეკინებდნენ სხვადასხვა ნაცნობებთან, რომ ოქრუაშვილის გირაოს სანაცვლოდ ათი მილიონი მოეძია.
– ამ დროს გირაო გადახდილი იყო უკვე?
– მე არ ვიცი, იყო თუ არ იყო, რაც მოხდა, იმას გიყვებით. გოგუა, ჩემი პარტნიორი, რომელიც ოქრუაშვილთან ერთად იყო დაპატიმრებული, გამოუშვეს და დააბარეს – ქიბართან სალაპარაკო გვაქვსო. დავურეკე კეზერაშვილს და ვუთხარი, რომ სახლში ვიყავი (არადა, მაშინ, გვარამია აცხადებდა, გაქცეულიაო). კეზერაშვილმა მანქანა გამომიგზავნა და მასთან შესახვედრად წავედი. კეზერაშვილმა 10 000 000 დოლარის გადახდა მომთხოვა. აქედან 10 000 000 ლარი უნდა გადამეხადა ოქრუაშვილის გირაოს საფასურად, ხოლო დანარჩენი იყო ჩემი პერსონალური ჯარიმა – ვინაიდან არ მიყვარდა მიშა სააკაშვილის ხელისუფლება, მათ პერიოდში ნაშოვნი ფული უკან უნდა დამებრუნებინა.
– რას გულისხმობდნენ, ტენდერებში რომ უპირატესობას გაძლევდნენ?
– მე მეკითხებოდნენ, კონკრეტულ საქმეს გავაკეთებდი თუ ვერა. მე გამკეთებელი ვიყავი, მივდიოდი და ვაკეთებდი. ამ პერიოდში ტენდერებზე გაცილებით მომგებიანი და მყარი ბიზნესი მქონდა – „პროქტერ ენდ გემბელის“ პარტნიორობა და ამ საქმით გაცილებით დიდი ხნით ადრე ვიყავი დაკავებული, ვიდრე მიშა სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა. 2003 წლისთვის, როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, ჩვენ ვიყავით ყველაზე დიდი სადისტრიბუციო კომპანია კავკასიაში. საკმაოდ მდიდარი ადამიანი ვიყავი და არავინ დამაბრალოს, რომ მათ დროს ვიშოვე ფული. მათი შავი პიარის შედეგია, რომ დღემდე ხალხს ჰგონია, თითქოს, ოქრუაშვილის დახმარებით ვიშოვე ფული. მე ოქრუაშვილის დახმარებით, რაც მანამდე მქონდა ნაშოვნი, ყველაფერი დავკარგე – საუბარია 50 000 000 დოლარის ღირებულების აქტივებზე და ნორმალურ სახელმწიფოში ჩვენი ზარალის კომპენსაცია 100 000 000 დოლარამდეც მიაღწევდა.
– თანხა, რომლის უკან დაბრუნებაც მოგთხოვეს, გადაიხადეთ?
-არ გადავიხადე, კეზერაშვილს ვუთხარი: მეგობრობის გამო, თუ გირაო მაქვს გადასახდელი, შენ რა იცი, მეგობრობაში რამდენს ვიხდი- მეთქი. რამდენიც მიღირს, იმდენს გადავიხდი, შენ თუ მნახე, ისიც მნახავს და რამდენსაც მივცემ, იმდენს მივცემ, შენ ვინ გეკითხება- მეთქი. ასე რომ, 10 კაპიკსაც არ გადაგიხდით- თქო, ვუთხარი და წამოვედი. ამას მოყვა, როგორც გითხარით, ჩემი ძმის დაპატიმრება. პატიმრობიდან სამი დღის შემდეგ, დავუკავშირდი დათა ახალაიას და ვუთხარი, რომ ფულის სანაცვლოდ დავუთმობდი „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის“, რომელიც სახელმწიფო დაკვეთებს ასრულებდა. ამ კომპანიას, შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ სახელმწიფოსგან დიდი თანხები ჰქონდა ასაღები. თანხმობა განაცხადეს. ამის შემდეგ მოხდა კომპანიის წილების გადაფორმება იმ ადამიანებზე, რომლებიც ადრე ჩემთან მუშაობდნენ, ოღონდაც ხელისუფლებას ისინი კონტროლის ქვეშ დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ყავდა. სხვათა შორის, ამ კომპანიას და მის საბანკო ანგარიშებსაც მანამდე ყადაღა დაადეს, ხოლო როგორც კი წილები გადაფორმდა, მეორე დღეს სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიის ანგარიშებს, თურმე, ყადაღა აღარ უნდა ჰქონოდა. ერთი დღით მოხსნეს ყადაღა, ორი სამინისტროდან – იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროდან მოხდა ტრანსფერი ამ დაყადაღებული კომპანიის ანგარიშზე, ჩარიცხეს დაახლოებით შვიდი მილიონი ლარი და ისევ დააყადაღეს კომპანია. იმავე დღეს, ეს თანხები მიმართეს ოქრუაშვილის გირაოს ანგარიშზე. თუმცა, ამ დროს ოქრუაშვილი 20 დღის გამოსული იყო ციხიდან. გადახდის ქვითრები ჩემთან დარჩა და სტრასბურგის სასამართლოსთვის არის წარდგენილი. ისევე, როგორც ჩემ მიერ ოქრუაშვილის გირაოს გადახდის ისტორია შეთხზეს, დღესაც ცდილობენ, ჩემი სახელი დააკავშირონ ოქრუაშვილთან და კვლავაც აგრძელებენ აბსურდული ისტორიების მოყოლას, რომ თითქოს, მე ოქრუაშვილმა მომცა „რუსთავი 2“-ის შესაძენი ფული, თუ კომპენსაცია გადამიხადა. ურთიერთსაწინააღმდეგო რამეებს ამბობენ ნახევარსაათიან ინტერვალში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ეს არის გვარამიას მიერ უნიჭოდ შეთხზული კიდევ ერთი ყალბი ისტორია, რომელსაც სინამდვილესთან არანაირი კავშირი არა აქვს. თუმცა მე გვარამიასთან ჯერჯერობით სალაპარაკო არაფერი მაქვს. როგორც იცით, ტელედებატებში გამოვიწვიე „რუსთავი 2“-ის ნომინალური მფლობელები – ყარამანაშვილები და დღემდე პასუხი არ მიმიღია. რაც შეეხება გვარამიას, მისი, როგორც კომპანიის დირექტორის საქმიანობის კანონიერების შესწავლას აუცილებლად მოვითხოვ, როდესაც დავიბრუნებ ტელეკომპანიას.
– გჯერათ, რომ ამ დავაში გაიმარჯვებთ და „რუსთავი 2“-ს დაიბრუნებთ?
– რა თქმა უნდა, მჯერა და ამის მჯეროდა მაშინაც, როცა ამაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა. არ შეიძლება, საბოლოოდ სიმართლემ არ გაიმარჯვოს. ამისი მჯეროდა მაშინაც, როდესაც მთლიანად მიშას ნებაზე დამოკიდებულ სასამართლოში და პროკურატურაში ვცდილობდი ჩემი სიმართლის დამტკიცებას. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ყველას, ვისაც გული შესტკივა თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიაზე, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ: მეგობრებო, „რუსთავი 2“-ის დაბრუნებასთან დაკავშირებულ დავაში ჩემი გამარჯვება იქნება გარანტია იმისა, რომ ეს არხი გახდება მიუკერძოებელი მედიასაშუალება და დაიბრუნებს საზოგადოების მხრიდან პატივისცემასა და სიყვარულს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები