დაატოვებინებს თუ არა ქიბარ ხალვაში მისთვის მიუღებელ ხალხს „რუსთავი 2“-ს ტელეკომპანიის დაბრუნების შემთხვევაში?

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების საქმიანობას არც დღემდე ეშლებოდა ხელი და არც მომავალში შეეშლება, – ამის შესახებ ქიბარ ხალვაში გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, მას არ აწყობს, „რუსთავი 2“-ს მისი ქმედებით შეექმნას ისეთი პრობლემა, რომლის რეაბილიტაციასაც დიდი თანხები დასჭირდება.

გამოცემასთან ინტერვიუში ხალვაში განმარტავს, თუ რატომ მიიღო ტელევიზიის დაყადაღების გადაწყვეტილება.

ამასთან, ხალვაში არ ეთანხმება მოსაზრებას,რომ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ დაწყებული დავა ხელისუფლების ინტერესში შედის.

– „არტი“ რატომ დაწვეს?

– „არტის“ დაწვა, ჩემი აზრით, ჩემს საჩვენებელ დასჯასთან ერთად, ბიზნესმენების დაშინებას ემსახურებოდა.

– თქვენ „რუსთავი 2“-ის ნომინალურ მეწილეებს უჩივით, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, ვინ არიან ეს ნომინალური მეწილეები…

– ნომინალური მეწილეები არიან გია და ლევან ყარამანაშვილები და მათი ტელეკომპანია „საქართველო“. ჩემთვის ცალსახაა, რომ ყველაფერი არის პირადად მიშასი. ყარამანიშვილი, როგორც წესი, ჩნდება მიშასთვის ყველაზე მომგებიანი და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიების მეწილედ.

– რატომ მიიღეთ ტელევიზიის დაყადაღების გადაწყვეტილება?

– როგორც იურისტებმა ამიხსნეს, ეს ჩვეულებრივი დავის ელემენტია, წილები რომ არ გასხვისდეს, ასევე არ შემცირდეს წილების ღირებულება და კომპანიას არ აკიდონ ვალები.

– ჟურნალისტები წუხან, რომ მათ საქმიანობაში ხელი ეშლებათ…

– ჟურნალისტების საქმიანობას არც დღემდე ეშლებოდა ხელი და არც მომავალში შეეშლება. როგორც ვიცი, „მაესტრო“ 2011 წლიდან დაყადაღებულია, მაგრამ მაინც ახერხებენ ცხოვრებას. ანგარიშების დაყადაღების შემთხვევაში მართლა შეეშლებოდათ ხელი. ჩემი გერმანელი ადვოკატების მიერ მომზადებული სარჩელის პირველად ვერსიაში, მართლაც, იყო მოთხოვილი ანგარიშების დაყადაღება, მაგრამ სანამ სასამართლო განიხილავდა, ჩემი ინიციატივით შევიტანეთ შესწორება და უარი განვაცხადეთ ანგარიშების დაყადაღებაზე. მე ვითხოვ „რუსთავი 2“-ს, როგორც მოქმედ კომპანიას და არ მაწყობს, „რუსთავი 2“-ს დღევანდელი ჩემი ქმედებით შეექმნას ისეთი პრობლემა, რომლის რეაბილიტაციასაც დასჭირდება დიდი თანხები.

– ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ დაწყებული თქვენი დავა ხელისუფლების ინტერესში შედის, რით შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ თქვენს უკან ხელისუფლება არ დგას?

– ჩემი დავა ხელისუფლების ინტერესში რომ შედიოდეს, 2012 წელს პროკურატურაში რომ სარჩელი შევიტანე, რა უშლიდათ ხელს, ეს საქმე გამოეძიებინათ?!

– თუ სასამართლო თქვენს სარჩელს დააკმაყოფილებს და „რუსთავი 2“-ს დაიბრუნებთ, მედიაბიზნესი საინტერესო იქნება თქვენთვის?

– ადამიანი ყოველთვის რაღაცაზე ფიქრობს და თუ ხელისუფლების მხრიდან ჩარევას ადგილი არ ექნება, ეს ბიზნესი საინტერესოა და მე მას განვავითარებ. ჩემი აზრით, ხელისუფლება არც ერთ მედიასაშუალებას არ აკონტროლებს. ეს კარგია. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ უკანონოდ არავინ ჩაერევა ჩემს საქმიანობაში. ასეთ შემთხვევაში კი, გაცილებით ადვილია, ეს ბიზნესი, მართლაც, ბიზნესად იქცეს და ჩემი ჩანაფიქრი, რომელიც 2004-2005 წლებში მქონდა, სისრულეში მოვიყვანო. ვთვლი, რომ მედიასაშუალება, მით უფრო ტელევიზია, ერთ კაცს არ უნდა ეკუთვნოდეს და ასე მარტივად გასხვისება არ უნდა ხდებოდეს. ალბათ, რაღაც რეგულაცია უნდა არსებობდეს, რომ მედიასაშუალების ერთი ადამიანის ხელში ჩაგდებას ხელი შეეშალოს. შესაძლებელია, თანამშრომლებიც დავაინტერესოთ, მედიასაშუალება კომერციულად გამართულ სტრუქტურად თუ ჩამოყალიბდება, მათი შემოსავალიც გაიზრდება.

– ანუ, თანამშრომლებზე აქციების გაცემას გულისხმობთ? – არ გამოვრიცხავ, თუმცა ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ზონდერებს.

– ეს ნიშნავს, რომ თქვენთვის მიუღებელი ხალხი დატოვებს ტელევიზიას?

– საქართველოში ტენდენციად იქცა – თუ უფროსი გავალებს დანაშაულის ჩადენას, შენ არაფერ შუაში ხარ. შესაძლოა, ეს გაცილებით ნაკლები დანაშაულია, ვიდრე უფროსის მიერ გაცემული დავალება, მაგრამ… გვარამია განსაკუთრებული შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში. მე დღემდე თავს ვიკავებ, რომ მის უზრდელობას უზრდელობით და უხამსობით არ ვუპასუხო და ამიტომ, მის კომენტარებს აქაც უსიტყვოდ დავტოვებ. იმას კი ვიტყვი, რომ გვარამია მდევნის 2006 წლიდან დღემდე. გვარამია იყო გენერალური პროკურორის მოადგილე და იმ უკანონობების შესრულებისას, რასაც მაშინდელი ხელისუფლება სჩადიოდა, ერთერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მახსოვს, მისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ოქრუაშვილის გირაო მე გადავიხადე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები