ქიბარ ხალვაში მიხეილ სააკაშვილთან კონსპირაციული შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს – „ყვიროდა, მაგიდაზე რაც ელაგა, ყველაფერი გადმოყარა“

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში მიხეილ სააკაშვილთან კონსპირაციული შეხვედრების დეტალებს ასაჯაროებს. ხალვაში გაზეთ „ვერსიასთან“ სკანდალურ ინტერვიუში აცხადებს, რომ იმჟამინდელი პრეზიდენტი და თანამდებობის მაღალი პირები მას მითითებს აძლევდნენ.
როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, უთანხმოება გირგვლიანის საქმის გაშუქებასაც მოჰყვა.
„ჩემი თავისუფლება პირველად მაშინ შეიზღუდა, როდესაც მოჭიდავეების საქმეზე ხალხი ქუჩაში გავიდა. მაშინ მივხვდი, რომ საქმე ისე არ იყო, როგორც მეგონა – მთელი დღე მირეკავდნენ, ხან გიგი უგულავა და ცალკე პრეზიდენტი, რომლებიც მოითხოვდნენ, რომ ლაივი შეგვეწყვიტა ქუჩიდან და მხოლოდ საინფორმაციოში გადაგვეცა ის, რაც ხდებოდა. მართალია, ტელევიზიას მე ვხელმძღვანელობდი, მაგრამ უშუალოდ ოპერაციებს და საქმიანობას უძღვებოდა დირექტორი. იმ დღეს დირექტორი არ იყო და მე წავედი ტელევიზიაში იმის გასარკვევად, რა და როგორ შეიძლებოდა მოგვარებულიყო. თანამშრომლებს ვუთხარი, რომ ხელისუფლებას პრეტენზია ჰქონდა, თუმცა კოლექტივი მყარად დადგა და დამარწმუნეს, რომ ყველაფერი ასე უნდა დარჩენილიყო. სამწუხაროდ, იმ კოლექტივის დიდმა ნაწილმა აზრი ბევრჯერ შეიცვალა და პოზიციას კონიუნქტურის მიხედვით იცვლის. ამის შემდეგ ყველაფერი ჩვეულებრივ გრძელდებოდა, სანამ გირგვლიანის ამბავი არ მოხდა. ამის შემდეგ ხელისუფლებისგან საყვედური ბევრჯერ მივიღე. პრეტენზიები მოვისმინე მაშინაც, როდესაც სააკაშვილი წავიდა ამერიკაში. მაშინ ხელისუფლებამ სააკაშვილის ვიზიტს დაამთხვია გირგვლიანის სასამართლო, რომ გირგვლიანის თემა გადაეფარათ, თუმცა ჟურნალისტებმა პირველ თემად გირგვლიანის პროცესი გააშუქეს. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი, ვანო მერაბიშვილმა მისაყვედურა – ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი რომის პაპის შემდეგ პირველ ადამიანს ხვდებოდა და თქვენ მაინც სასამართლოს გაშუქებით დაიწყეთო. ამის შემდეგ ამითვალწუნეს“, – აცხადებს ბიზნესმენი.
ქიბარ ხალვაში გამოცემასთან ექსპრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს, რა დროსაც მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ჩხუბი მოხდა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ სააკაშვილი მას ემუქრებოდა.
„2006 წლის ზაფხულში პრეზიდენტის კანცელარიიდან შემოვიდა ზარი და მთხოვეს, მივსულიყავი. მაშინ, მე და პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, ვიჩხუბეთ. მიშამ მითხრა, რომ მეც და „რუსთავი 2“-იც ვიყავით ქვეყნის მტრები და ამ სიტუაციას უახლოეს მომავალში გამოასწორებდა. მახსოვს, მაშინ, სიტყვა-სიტყვით, ასეთი რამ მითხრა: „მე წავალ ოსეთში, ვიომებ, ბომბები რომ ჩამოგიცვივდებათ ეზოებში და სახლებში, მერე მიხვდებით, რას აშავებთ… იქიდან რომ დავბრუნდები, პირველი „რუსთავი 2“-ში შევალ… ისეთი გულუბრყვილო თვალებით მიყურებ, თითქოს არაფერი დაგიშავებია“- ო. ისე ყვიროდა, ხელი მოუსვა და მაგიდაზე რაც ელაგა, ყველაფერი ქვევით გადმოყარა.
სხვათა შორის, 2008 წლის თებერვალში ზუსტად ეს დავწერე ჩვენებაში, როდესაც გერმანიაში მოვითხოვე თავშესაფარი. აგვისტოს ომის შემდეგ კი გერმანიის სპეცსამსახურებიდან დამიკავშირდნენ და მკითხეს, რატომ ემთხვეოდა 2008 წლის თებერვალში მოყოლილი ისტორია 2008 წლის აგვისტოს ამბებს. რა უნდა მეპასუხა? – არ ვიცი, რატომ დაემთხვა, თუმცა რაც მაშინ მითხრა, რეალობა იყო – წავიდოდა, იომებდა და იქიდან გამარჯვებული პირველი „რუსთავი 2“-ში შემოვიდოდა და გვაჩვენებდა, ვინ ვიყავით.
მას შემდეგ, რაც პირში მომახალა, რას აპირებდა, დაწყნარდა, გადმოყრილი ნივთები უკან, მაგიდაზე დაალაგა. ასე დავშორდით. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ მთხოვა შეხვედრა და დირექტორის შეცვლა მომთხოვა.
ტაბატაძის შეცვლა მოითხოვა, რაზეც უარი ვუთხარი, მაგრამ მეორედ ულტიმატუმი დამიყენა, კანდიდატიც მომზადებული ჰყავდათ კობა დავარაშვილის სახით. ვცდილობდი, დრო გამეჭიმა, მაგრამ ბოლოს მითხრა, რომ ტაბატაძე უნდა გამეშვა. ტაბატაძეს ბოდიში მოვუხადე, ვუთხარი, შენმა აქ ყოფნამ ურთიერთობა ძალიან დამიძაბა-მეთქი და ვთხოვე, ეს სამსახური დაეტოვებინა, რასაც ჟურნალისტების პროტესტი მოყვა. ამ დროს ვიყავი თურქეთში, დათო კიკალიშვილი, რომელიც იმ დროს ბათუმში ისვენებდა, იქედან აძლევდა ჟურნალისტებს დირექტივებს – პროტესტი მოაწყვეთ, „პაკრიშკები“ დაწვით და ა.შ. ამ ყველაფრის მერე კიკალიშვილი ჩემთან მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა: მაგათ გმირებად უნდოდათ წასვლაო. ალბათ, გემახსოვრებათ ლაზაშვილის, ლეჟავას, რუხაძის მაშინდელი დემარში. მათთან ერთად, მგონი, გოგოტიშვილიც წავიდა, მაგრამ მერე მობრუნდა.
აღმოჩნდა, რომ სააკაშვილისთვის პრობლემა მე ვიყავი. დავარაშვილის მოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ მათ სჭირდებოდათ ადამიანი, რომელთანაც პირდაპირი კონტაქტი ექნებოდათ, რათა ის ეკეთებინათ, რაც უნდოდათ“, – აღნიშნავს ხალვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები