სააკაშვილი ოდესაში სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობას დებს
ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ოლქში 25 ოქტომბერს სამართლიანი ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება და შესაძლო გაყალბებებთან საბრძოლველად სამართალდამცველი ორგანოების სპეციალური ქვედანაყოფი შეიქმნა.
„ოდესაში არჩევნები ყოველთვის გაყალბებული იყო, იყვნენ კუნთიანი ახალგაზრდები, იყო კომისიები და რაღაცა სპეციალური რაიონები. და ყოველთვის კომისიებში ხდებოდა ფალსიფიცირება და ეს ყველამ იცის,“ – განუცხადა სააკაშვილმა უკრაინის „მე-5 არხს“.
მისი თქმით, ოდესის პოლიციამ უკვე დააკავა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ადგილობრივი არჩევნების გაყალბებას აპირებდნენ.
„ჩვენ პირველად ოდესის ისტორიაში სამართლიან არჩევნებს ჩავატარებთ“, – აცხადებს სააკაშვილი. მან ასევ აღნიშნა, რომ ოდესის ოლქში კანდიდატების ძალიან ფართო სპექტრია და მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილობრივი თვითმმართველობის ღირსეული წარმომადგენლები აირჩიონ.