ვერსია: სად და რატომ შეხვდა ერეკლე კოდუა უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის?

რაზე ისაუბრეს სოდ-ის ყოფილმა უფროსმა და მილიარდერმა კოლომოისკიმ, რომელიც სააკაშვილს „მკბენარა ძაღლს” უწოდებს, – ამ სათაურით გაზეთი „ვერსია“ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქი, მილიარდერი იგორ კოლომოისკი და სოდ-ის ყოფილი უფროსი, ერეკლე კოდუა შვეიცარიაში, კერძოდ, ძველი ჟენევის ერთ-ერთ კაფეში შეხვდნენ.
როგორც გამოცემა წერს, შეხვედრის შესახებ მათ ერთ-ერთმა ქართველმა ემიგრანტმა აცნობა. წყაროს ინფორმაციით, კოლომოისკის კიდევ ორი შუახნის მამაკაცი ახლდა, რომლებიც გვერდით მაგიდასთან ისხდნენ და საუბარში არ ჩართულან. მისი თქმით, ერეკლე კოდუასა და კოლომოისკის შეხვედრა დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა.
„თავდაპირველად, კოდუა ვიცანი და ჩემი ყურადღება მან მიიქცია. მერე რომ დავაკვირდი, მოგვიანებით მივხვდი, რომ დნეპროპეტროვსკის ყოფილ გუბერნატორთან ერთად იყო. ისინი სადილობდნენ და მშვიდად საუბრობდნენ… ეს ჰგავდა მეგობრულ შეხვედრას. დავაკვირდი, რომ კოლომოისკის კიდევ 2 მამაკაცი ახლდა, თუმცა ისინი სხვა მაგიდასთან ისხდნენ… არ ვიცი, ვერც ერთი მათგანი ვერ ვიცანი, მახსოვს, კოლომოისკის ყავისფერი „ზამშეს“ პიჯაკი ეცვა… ეს დამამახსოვრდა. განსაკუთრებული ყურადღებაც არ მიმიქცევია. იქვე, ახლოს ვმუშაობ და შემთხვევით შევესწარი, დაახლოებით, ალბათ, 40 წუთი გაგრძელდა მათი შეხვედრა. მეტს ვერაფერს გეტყვით“, – იხსენებს ქართველი ემიგრანტი.
ამასთან, სტატიაში ყურადღება გამახვილებულია მიხეილ სააკაშვილისა და იგორ კოლომოისკის მტრულ ურთიერთდამოკიდებულებაზე.
„ამ ფაქტში ყურადღებას არც მივაქცევდი და, როგორც ბევრ სხვა შემთხვევას, არც ამას გავხდიდი საქართველოში საჯაროდ, რომ არა კოლომოისკის ღია და მტრული დამოკიდებულება საქართველოს ექსპრეზიდენტის, შესაბამისად, მისი თანაგუნდელების მიმართ. ახლახან უკრაინულმა მედიამ ინფორმაციაც გაავრცელა, რომ ოლიგარქი სააკაშვილს სასამართლოში უჩივლებს. ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს საკმარისი მტკიცებულება ოდესის პორტში კონტრაბანდასთან იგორ კოლომოისკის კავშირის შესახებ. ასევე მან აღნიშნა, რომ საქართველოში მისი პრეზიდენტობის პერიოდში კოლომოისკი მისი გუნდის წევრებს ქრთამს სთავაზობდა. მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხს ასევე განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი გადაწყვეტილებებს იღებს არა უკრაინელი ხალხის, არამედ ადგილობრივი ოლიგარქების, კერძოდ კი, იგორ კოლომოისკისა და რენატ ახმეტოვის სასარგებლოდ. თავის მხრივ კი, კოლომოისკიმ ბრალდებებზე მწვავე რეაქცია მისცა და განაცხადა, რომ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლებს, რადგან ,,ეს ძალზე სერიოზული ბრალდებაა“ და მისი დასაბუთება მოუწევს. დნეპროპეტროვსკის ყოფილმა გუბერნატორმა ოდესის გუბერნატორს, „მკბენარა ძაღლიც” უწოდა და მისი საქართველოში გაგზავნა და პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.
„როდესაც უალიკაპო ძაღლი ვიღაცას კბენს, საჭიროა ძაღლის დასჯაც და პატრონისაც”, – აღნიშნა უკრაინელმა ოლიგარქმა და დასძინა, რომ ასეთ ცხოველებს, მსგავს შემთხვევაში, აძინებენ ხოლმე. კოლომოისკის თქმით, მან ,,იქ (საქართველოში) დაკბენილი ხალხისთვის პასუხი უნდა აგოს”. ,,რაც შეეხება პატრონს, ჩვენ გვესმის, ვინ არის ის”,- განაცხადა ოლიგარქმა. კოლომოისკიმ მიხეილ სააკაშვილი ნარკოტიკების მოხმარებაშიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ოდესის გუბერნატორმა თავისი სიტყვებისთვის სასამართლოს გზით ფულით უნდა აგოს პასუხი. ცოტა უფრო ადრე, კოლომოისკიმ უკვე დააანონსა, სააკაშვილი სულ მალე ოდესას კრემლს ჩააბარებსო და საკუთარ ტელეარხ ,,1%1”-ზე სააკაშვილის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ფილმიც გაუშვა.
რაც შეეხება ერეკლე კოდუას, გაზეთის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი ბოლოს ბუდაპეშტის აეროპორტში ნახეს. როგორც გამოცემა წერს, კოდუასა და მიხეილ სააკაშვილის გუნდს შორის განხეთქილებაა.
„როგორც ინტერნეტსივრცეში გავარკვიე, იგი ჟურნალისტებმა ბოლოს ბუდაპეშტის აეროპორტში ნახეს… მის სახელს სულ უფრო იშვიათად ახსენებენ ყოფილი თანაგუნდელები „ნაციონალური მოძრაობიდან“. შესაბამისად, ადვილად სავარაუდოა, რომ კოდუასა და ექსპრეზიდენტის გუნდს შორის „შავმა კატამ გაირბინა“. ახლა კი, ის ან ახალ კავშირებსა და ძალებს ეძებს ანდა ამ „ძალებმა“ იგი თავად იპოვეს. თუ ეს ასეა, ჟენევაში მილიარდერ იგორ კოლომოისკის კოდუასთან კონფიდენციალური შეხვედრა სწორედ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეიძლება მოვიაზროთ“, – წერს გამოცემა.
ამასთან, გამოცემის ცნობით, პოროშენკომ სააკაშვილი მისი უმთავრესი მტრის – კოლომოისკის წინააღმდეგ გამოიყენა და უკრაინელი ოლიქარქის მიერ დაფინანსებული გასამხედროებული ფორმირება ,,აიდარის” მებრძოლების წინააღმდეგ საქმე აღძრა.
„თავის მხრივ, უკრაინული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის უცხო არ არის კოლომოისკის ინტერესები. ადგილობრივი მედია ჯერ კიდევ საქართველოს ექსპრეზიდენტის ოდესის გუბერნატორის დანიშვისას წერდა, რომ პოროშენკომ სააკაშვილი მისი უმთავრესი მტრის წინააღმდეგ მგეშავ ნაგაზად გამოიყენა. პოროშენკოს ბრძანებით, უკრაინის პროკურატურამ დაიწყო გამოკვლევა და საქმე აღძრა კოლომოისკის მიერ დაფინანსებული გასამხედროებული ფორმირება „აიდარის” მებრძოლების წინააღმდეგ. პოროშენკომ ამით კოლომოისკის ღია ომი გამოუცხადა. იგი მის ჩაძირვას ცდილობს.
თავად კოლომოისკი წარმოშობით დნეპროპეტროვსკიდანაა. იგი ამ ოლქის გუბერნატორი იყო, მაგრამ პოროშენკოსთან დაპირისპირების გამო თანამდებობის დატოვება მოუწია. მიუხედავად ამისა, ის ამ ქალაქში დღესაც ძლიერ პოზიციას იკავებს და არა მარტო იქ. მისი ყოფილი ხელქვეითი ოდესის გუბერნატორი იგორ პალიცა სააკაშვილმა შეცვალა. გარდა ამისა კოლომოისკი აფინანსებს და, ფაქტობრივად, მართავს მოხალისეთა რამდენიმე ბატალიონს, ,,აიდარის”, „დნეპრის” და ,,შტურმს”.
კოლომოისკი უკრაინაში უმსხვილესი სამრეწველო-საფინანსო ჯგუფ „პრივარის“ დამფუძნებელია. მას აქვს ბიზნესი და გავლენა საბანკო სექტორში, ნავთობის, მეტალურგიის, კვების მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, საჰაერო ტრანსპორტის, სპორტისა და მედიის სფეროებში. ის უკრაინის უმდიდრეს ადამიანთა ოფიციალურ რეიტინგებში მეორე ადგილს იკავებს. 2013 წლის მონაცემებით, კოლომოისკის ქონება 3,645 მილიარდ დოლარს შეადგენდა“, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები