არსენ იაცენიუკი რუსეთისგან კომპენსაციის სახით 1 ტრილიონ დოლარს მოითხოვს
უკრაინა რუსეთისგან, ყირიმის ანექსიის და დონბასში საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზარალის სანაცვლოდ, 1 ტრილიონ დოლარს მოითხოვს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა განაცხადა.
„რუსეთთან ჩვენ დავა ორ საქმეზე გვაქვს. ეს ყირიმის ანექსიას, ასევე დონეცკსა და ლუგანსკში სამხედრო ინტერვენციას ეხება. ამ ქეისის საერთო ღირებულება 1 ტრილიონ დოლარს შეადგენს, მაგრამ ზარალის საბოლოო ოდენობა საქმის განხილვის პროცესში დადგინდება, რადგანაც ანექსია გრძელდება“, – განაცხადა იაცენიუკმა.
მისი თქმით, უკრაინული ბანკები და კომპანიები რუსეთის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელებს შეიტანენ. იაცენიუკმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთთან ვალის რესტრუქტურიზაციის საკითხზეც აპირებს სასამართლო დავას.
ეს ვალი 3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. კიევი სთავაზობს მოსკოვს 29 ოქტომბერს შეხვედრის გამართვას ვალის რესტრუქტურიზაციაზე და მის ნაწილობრივ ჩამოწერაზე. უარის შემთხვევაში კი დავის გადატანას სამართლებრივ სივრცეში გეგმავს.