პუტინმა აშშ-ს პოზიციას სირიასთან დაკავშირებით არაკონსტრუქციული უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს პოზიციას, რომელმაც რუსეთის დელეგაციის მიღებაზე უარი განაცხადა, არაკონსტრუქციული უწოდა.
„მე არ მესმის, რატომ აკრიტიკებენ ამერიკელი პარტნიორები რუსეთის მოქმედებას სირიასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ საერთაშორისო ტერორიზმს ვებრძვით, თუ თავად უარს ამბობენ პირდაპირ დიალოგზე, რომლის მიზანია ამ პრობლემის პოლიტიკური დარეგულირება. მიმაჩნია, რომ ეს არაკონსტრუქციული პოზიციაა“, – განაცხადა პუტინმა ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პუტინის თქმით, აშშ-ს, სავარაუდოდ, ამ საკითხზე კონკრეტული დღის წესრიგი არა აქვს და ამიტომ არ სურს საუბარი.
„უარის მიუხედავად, ჩვენ კარებს არ ვხურავთ და მზად ვართ ამ რთული პროცესის ყველა მონაწილესთან, მათ შორის ამერიკელ პარტნიორებთანაც, მოლაპარაკება გავმართოთ,“ – აცხადებს პუტინი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის საკითხის განსახილველად პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით რუსეთის დელეგაციის მიღებაზე უარი განაცხადა. ვაშინგტონმა ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად მოსკოვში ჩასვლაზეც უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები