მედიის ცნობით, ევროკავშირმა შესაძლოა, თურქეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას მოაწეროს ხელი
ევროკავშირი მზად არის, თურქეთიდან მიგრანტების და ლტოლვილების ნაკადის შემცირების სანაცვლოდ, ამ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება გააფორმოს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
როგორც ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, თურქეთმა თავად უნდა მოაგვაროს მიგრანტთა პრობლემები და პროგრესი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მხოლოდ ამ პირობის შესრულების შემდეგ არის შესაძლებელი. ტუსკის თქმით, 2016 წელს ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილების ნაკადი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროკავშირში მიმდინარე წელს თითქმის 600 ათასი მიგრანტი ჩავიდა, მათი უმეტესობა – თურქეთის გავლით. თავად თურქეთმა 2 მილიონამდე ლტოლვილი მიიღო, მათი უმეტესობა – სირიიდან.
ევროკავშირი აღიარებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდეს მიგრაციულ კრიზისთან აქვს საქმე.