აშშ-მ მედვედევის ხელმძღვანელობით რუსეთის დელეგაციის მიღებაზე უარი განაცხადა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი განაცხადა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით რუსეთის დელეგაციის მიღებაზე სირიის საკითხის განსახილველად. ვაშინგტონმა ამ საკითხის განსახილველად მოსკოვში ჩასვლაზეც უარი თქვა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ გუშინ ოფიციალური პასუხი მივიღეთ იმ შემოთავაზებაზე, რაც მოსკოვმა ვაშინგტონს გაუგზავნა. ამერიკელებმა გვიპასუხეს, რომ მოსკოვში დელეგაციის გაგზავნას არ აპირებენ, ხოლო ვაშინგტონში დელეგაციის მიღება შეუძლებელია“, – განაცხადა ლავროვმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, „სამთავრობო საათზე“ სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი წინადადებით ნიუ-იორკში ყოფნისას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა. ლავროვის თქმით, ვაშინგტონიდან მიღებულ პასუხში აღნიშნულია, რომ აშშ მხოლოდ ინციდენტების დაუშვებლობით არის დაინტერესებული, რაც ორი ქვეყნის ავიაციის მიერ სირიის საჰაერო სივრცეში მიმდინარე ოპერაციის დროს შეიძლება მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ორი კვირის წინ სირიაში საჰაერო ოპერაცია დაიწყო. აშშ უკმაყოფილოა იმით, რომ რუსეთის საჰაერო ძალები, „ისლამური სახელმწიფოს“ გარდა, სირიის ოპოზიციის ძალებს ბომბავენ და ამით ბაშარ ასადის რეჟიმს ეხმარებიან. დასავლეთი კი სირიის ხელისუფლებიდან ასადის ჩამოშორებას უჭერს მხარს.