„რუსთავი 2“ და გვარამია, როგორც ძალიან საეჭვო ღირებულებების მქონე მოქალაქე, აბსოლუტურად განსხვავებული თემებია“

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, რეზოლუციაში, რომელიც ეხება პარტნიორობისა და სტაბილურობის გაძლიერებას ნატოს ღია კარისა და პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს მოუწოდებს სრულად განახორციელოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში აღნიშნული რეკომენდაციები. კერძოდ, რეზოლუციაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჰელსინკის 2015 წლის დეკლარაციის რეკომენდაციებში საუბარია იმაზე, რომ საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით დევნა და ყურადღება გამახვილებულია მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ხელისუფლებას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ მოერგოს ნატოს სტანდარტებს. რაც შეეხება ცალკეულ მითითებებს, თუ რეზოლუციებს, რომელიც უკანასკნელ პერიოდში მიღებული იქნა საქართველოს მიმართ, ცისკარიშვილი for.ge-სთან საუბარში სამწუხაროს უწოდებს.
„ვწუხვარ, რომ არავინ აღმოჩნდა ჩვენს ხელისუფლებაში, რომელიც თავს ვალდებულებად ჩათვლიდა მოეძია, რა თქმა უნდა, თუ ასეთი ბუნებაში არსებობდა, ანალოგიური კრიტიკული შეფასებები 2004-2012 წლებში საქართველოს ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც დღეს არის საყვედური იმაზე, რომ თურმე მედიას საშინელი დღეები დაუდგა და თურმე თავისუფალ მედიას აღარ ეძლევა საქმიანობის შესაძლებლობა. იქნებ ამ ორგანიზაციებმა გამოგვიგზავნონ იმდროინდელი გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველომდე არ მოსულა, კერძოდ კი, 2007 წელს ტელეკომპანია „იმედის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ის რაც 2007 წელს მოხდა „იმედში“ იმის მეასადი ზეწოლა არ ყოფილა „რუსთავი 2“-ის მიმართ. თუმცა, ასეთი სკანდალის აწევა თავად „რუსთავი 2“-ის ოცნებაა და მიაღწიეს კიდეც მიზანს“, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
მისივე თქმით, ქართული საზოგადოებისთვის ძნელად ასატანია, როდესაც თავისუფალ მედიაზე ზემოქმედებაზე საუბრობს ადამიანი, რომელიც 2007 წელს თავად იყო უმაღლესი თანამდებობის მქონე პროკურორი, რომლის განცხადებები და ქმედებები ტელეკომპანია „იმედთან“ და ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილია.
„დღეს, როდესაც ასეთი ადამიანი გვევლინება, როგორც თავისუფალი მედიის მებაირახტე, ასეთი ნაბიჯები მართლაც ვნებს ქართულ მედიას და, უპირველეს ყოვლისა, თავად „რუსთავი 2“-ს. რადგან ჩვენი საზოგადოებისთვის „რუსთავი 2“ და მისი დღევანდელი გენერალური დირექტორი, როგორც ძალიან საეჭვო ღირებულებების მქონე მოქალაქე, აბსოლუტურად განსხვავებული თემებია. ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო იქნებოდა რა რეაგირება ჰქონდათ იმ მოვლენებზე იმ სტრუქტურებს, რომლებიც ახლა ჭკუას გვასწავლიან და ჩათრეული არიან სრულიად ყალბ კამპანიაში“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები