რატომ გაუფორმა ზვიად სიჭინავამ გადადგომამდე ორი დღით ადრე „ტვ პირველს“ ნახევარმილიონიანი კონტრაქტი?!
ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებმა როგორ ვითარებაში ჩაიარა, კარგად მოგეხსენებათ. სფფ-ის წინა ხელმძღვანელები დღემდე ამტკიცებენ, რომ მათ გამარჯვება ძალით დაათმობინეს და წარმატებული საქმიანობა შეაწყვეტინეს. ვერ გეტყვით, რამდენად წარმატებულია ის, რომ ზვიად სიჭინავა რევაზ არველაძესთან ერთად ამტკიცებდა, ფედერაიას ვალი არ აქვსო და უცებ 6-მილიონიანი დავალიანება აღმოჩნდა, მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ახლა ირკვევა, რომ გადადგომამდე ორიოდე დღით ადრე, სიჭინავამ ტელეკომპანია „პირველთან“, ანუ იგივე tvs-თან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ ორი წლის განმავლობაში ტელევიზია ფედერაციას საეთერო დროის ორ საათს დაუთმობს და სანაცვლოდ 500 ათას ლარს მიიღებს. როგორია? უფრო სწორედ, რავარია?!
აღნიშნული ტელევიზია წინასაარჩევნოდ მაქსიმალურად ცდილობდა, მოქმედი ხელმძღვანელობის „ღვაწლის“ წარმოჩინებას და, როგორც ჩანს, ფეშქაშად ნახევარი მილიონი მიიღო. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ კონტრაქტის პირობების მიხედვით, ფედერაცია ვალდებულია ეს თანხა გადაიხადოს მაშინაც კი, თუ კონტრაქტის გაწყვეტას შეეცდება, ანუ ფედერაციიდან 500 ათასი ტელევიზიის ბიუჯეტში ყველა შემთხვევაში წავა. ახლა იმის მტკიცება, რომ სიჭინავამ არ იცოდა, ეს ვალდებულება მის შემცვლელს შესასრულებელი რომ ექნებოდა, აბსურდია. უფრო დიდი აბსურდი კი ის არის, რომ წასასვლელად გამზადებული კაცი მემკვიდრეს პრაქტიკულად დამატებით 500 ათასის ვალდებულებას უტოვებს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ სიჭინავა მემკვიდრედ სხვას მოიაზრებდა და ასეთ შემთხვევაში, ეს კონტრაქტი არც გახმაურდებოდა. არველაძე ისედაც სიჭინავას მემკვიდრეობას აწვებოდა და ამ ვალდებულებასაც მიიღებდა. ტელეკომპანიამ წინასაარჩევნო პერიოდში ხომ მის სასარგებლოდ მთელი მედიამარათონი ჩაატარა. ერთ-ერთ სიუჟეტში არველაძე წინასწარ გამარჯვებულადაც გამოაცხადა, 20 ხმით 13-ის წინააღმდეგ.
ტელეკომპანია „პირველის“ იურისტის განცხადებით, კონტრაქტი ფედერაციის პრეზიდენტთან ზვიად სიჭნავასთან მის წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე გაფორმდა.
„ფედერაციასთან ტელევიზიას ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს. დაახლოებით ორი წელია კარგი ურთიერთობა გვაქვს. ურთიერთობა დავიწყეთ, როცა ტელევიზია შეიქმნა და გავედით ეთერში. მაშინ გვქონდა ნახევარწლიანი კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებდა სუპერთასის გაშუქებას და ამის შემდეგ, მაშინვე იყო მოლაპარაკება, რომ 2017 წელს 19- წლამდელთა ჩემპიონატი გაგვეშუქებინა – მოსამზადებელი პერიოდი, როგორ ჩატარდებოდა. ზვიად სიჭინავა იყო პრეზიდენტი და სწორედ მასთან გაფორმდა კონტრაქტი მისი პრეზიდენტობიდან წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი ხნით ადრე იყო მის წასვლამდე, მან მოაწერა ხელი. შარშან იყო მოლაპარაკებები. კონტრაქტის მიხედვით ფედერაციას საეთერო დროის ორი საათი ეთმობა“, – განაცხადა კომპანიის იურისტმა.
კითხვაზე, აქვს თუ არა უფლება ფეხბურთის ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას, კონტრაქტი გააუქმოს ტელევიზიასთან და მოუწევს თუ არა ამ შემთხვევაში ვალდებულებით 500 ათასის გადახდა მაინც, იურისტი აცხადებს, რომ ამ დეტალებზე ჟურნალისტებთან საუბრის უფლება არ აქვს.
„უფლება არ მაქვს, ხელშეკრულების სხვა დეტალებზე ჟურნალისტებს ვესაუბრო. ჩვენსა და ფედერაციას შორის ასეთი შეთანხმებაა. არის გარკვეული პირობები, გარანტიები, დაზღვევა, როგორც ჩვენი, ისევე მათი მხრიდან და ხელშეკრულება, როგორც წესი, ორივე მხარის ვალდებულებებით იდება“, – განაცხადა იურისტმა.
ფეხბურთის ფედერაციაში ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას თავი აარიდეს. როგორც ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლაშა დვალიშვილმა გვითხრა, ყველაზე კომპეტენტურ პასუხს ამ თემასთან დაკავშირებით ფედერაციის იურისტი გაგვცემდა და მასთან გადაგვამისამართა. იურსიტმა კესო ჩხიკვაძემ განგვიცხადა, რომ პრესსამსახურის ნებართვის გარეშე კომენტარს ვერ გააკეთებდა. ავუხსენით, რომ პრესსამსახური საქმის კურსში იყო, მაგრამ პასუხად მივიღეთ – სანამ თავად არ დამიკავშირდება და არ მთხოვს, მანამდე ვერ გიპასუხებთო. ამის შემდეგ კვლავ ლაშა დვალიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც კვლავ იურისტთან გადაგვამისამართა. თხოვნაზე, ეთქვა იურისტისთვის, პასუხი გაეცა ჩვენთვის, დვალიშვილმა განგვიცხადა, რომ ვერავის ვერაფერს ეტყოდა და აღარ შეგვეწუხებინა, რადგან ჩვენთვის აღარ ეცალა.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ფედერაციის ექსპრეზიდენტმა შეგნებულად გააკეთა ის, რაც გააკეთა – ნახევარმილიონიანი ვალდებულება დაუტოვა ახალ პრეზიდენტს. პრინციპში სიჭინავა თავიდან ამბობდა, რომ ფეხბურთში არაფერი გაეგება, უბრალოდ კარგი მენეჯერია. ცხოველების ცირკის ყოფილი დირექტორი, როგორც ჩანს, ყველაფერს ცირკის პრინციპით უდგება და იმიტომაც არის, ახალ ხელმძღვანელობას ფედერაციაში ცირკი რომ დახვდა…
წყარო: “ფორ.გე”