“მამაჩემის ორმოციც არ იყო გასული, ნონიკაშვილი კი ქონებას ანაწილებდა“, – რას აცხადებს ბესო ხარძიანის ვაჟი

მამაჩემის ორმოციც არ იყო გასული, ნონიკაშვილი კი ქონებას ანაწილებდა – ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის ბესო ხარძიანის ვაჟი, მიხეილ ხარძიანი მამის მეორე მეუღლის, ეკა ნონიკაშვილის მისამართით აცხადებს და მას თაღლითობაში ადანაშაულებს.
ხარძიანის ოჯახის წევრები ერთმანეთს სამკვიდრო წესით გასანაწილებელ ქონებას ედავებიან – 9 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბესო ხარძიანის ვაჟმა, მიხეილ ხარძიანმა მამის მეორე მეუღლე, ეკა ნონიკაშვილი თაღლითობაში დაადანაშაულა და მისი გასამართლების მოთხოვნით პროკურატურაში შესაბამისი განცხადებაც შეიტანა.
„კვირის პალიტრასთან“ საუბარში მიხეილ ხარძიანი აცხადებს, რომ ნონიკაშვილმა სამი მილიონის ღირებულების უძრავი ქონება თავის მეგობრებზე გადაანაწილა, სახლები, საოფისე ფართობები და მიწები მათ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ფასად გაასხვისა.
„მამაჩემის მკვლელობიდან ზუსტად ორ კვირაში მისმა მეუღლემ ქონების სასწრაფოდ გაყიდვაზე ზრუნვა დაიწყო – ეკა ნონიკაშვილმა ბესოსთან თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონება უკანონოდ ისე გაასხვისა, რომ მემკვიდრეებს შორის სამკვიდრო გადანაწილება არ მომხდარა.
ნონიკაშვილმა ითაღლითა, რითაც სამოქალაქო კოდექსის ოთხი – 207-ე პრიმა, 182-ე, 218-ე, 362-ე მუხლები დაარღვია. ნონიკაშვილმა სამი მილიონის ღირებულების უძრავი ქონება თავის მეგობრებზე გადაანაწილა და, რაც მთავარია, სახლები, საოფისე ფართობები და მიწები მათ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ფასად გაასხვისა. მაგალითად, წავკისში მილიონ ლარად შეფასებული სამსართულიანი სახლი, რომლის მიწის ფართობი 1 300 კვმეტრია, 5 000 ლარად უახლოეს მეგობარს ნაირა ნებიერიძესა და მის ქალიშვილს, მაია გოგლიძეს მიჰყიდა. არადა, ეს ქონება ჩემზე, ჩემს დასა და ბებიაჩემზე უნდა გადანაწილებულიყო. ამასთან, ნონიკაშვილმა ერთ დღეში შვილს, ქეთი ხარძიანს საოფისე ფართობები და სახლები აჩუქა, ქეთიმ კი, თავის მხრივ, საჩუქრად მიღებული ქონება ოფიციალურად მეგობარს მიჰყიდა. ეს მიანიშნებს, რომ ფიქციური გასხვისებაა!“ -აცხადებს მიხეილ ხარძიანი “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
მისივე მტკიცებით, ნონიკაშვილმა წავკისის აგარაკის გასხვისების დოკუმენტაციაც გააყალბა.
“ნონიკაშვილმა წავკისის აგარაკის გასხვისების დოკუმენტაციაც გააყალბა – მან სახლის არსებობა საერთოდ დამალა და ძველი საკადასტრო კოდით ოფიციალურად მხოლოდ მიწის ნაკვეთი გაყიდა. არადა, ამ ნაკვეთზე სახლის მშენებლობის შემდეგ ქონებას ახალი საკადასტრო კოდი მიენიჭა. ნასყიდობის ხელშეკრულებაში კი მითითებულია, რომ ამ ტერიტორიაზე სახლი არ დგას. ჯამში, ნონიკაშვილმა თაღლითური მაქინაციებით მილიონ-ნახევარი ქონება დამალა“, – აცხადებს ხარძიანი.
ხარძიანის თქმით, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და მან პასუხი უნდა აგოს.
„ორასგვერდიანი მასალა მაქვს, რომელიც პროკურატურას მივაწოდე. წარმოიდგინეთ, მამაჩემის ორმოციც არ იყო გასული, ნონიკაშვილი კი ქონებას ანაწილებდა.
ეს პროცესი მან 18 მაისს დაასრულა, თუმცა ჩემთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ქონების გასხვისებამდე ნოტარიუსთან ხელი მოაწერა, რომ მის სახელზე არსებულ ქონებას არ გაასხვისებდა, თუმცა, დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული 207-ე პრიმა მუხლი და მის სახელზე რეგისტრირებული ქონება უკანონოდ გაასხვისა. მოგეხსენებათ, ნასყიდობის ხელშეკრულებით თანაცხოვრების ეტაპზე შეძენილ ქონებაზე მეუღლეებს თანაბარი უფლებები აქვთ. ეკა ნონიკაშვილის სახელზე არსებული ქონება ბესოსიც იყო და ის სხვა მემკვიდრეებზეც უნდა გადანაწილებულიყო. ანუ, ამით ნონიკაშვილი შეეცადა, მემკვიდრეებისთვის გადასანაწილებლად მხოლოდ ბესოს სახელზე რეგისტრირებული ქონება დაეტოვებინა. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და მან პასუხი უნდა აგოს!“, – აცხადებს ბესო ხარძიანის ვაჟი.

წყარო: “კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები