“15 წლის ბავშვს სასტიკად მომექცა… ჯერ მცემა, მერე გამაუპატიურა” – ახალგაზრდა ქალი თვითმკვლელობით იმუქრება

ირინა ჯიმშელეიშვილი აცხადებს, რომ ის 15 წლის ასაკაში მასზე ბევრად უფროსმა, უცხო მამაკაცმა გააუპატიურა, თუმცა ამისთვის არავინ დასჯილა. როგორც ჯიმშეიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ აცხადებს, ის წლებია ამ საქმის გამოძიებას ითხოვს.
,,წლებია ვითხოვ საქმის გამოძიებას, მაგრამ არ დაადგა საშველი. დღემდე თაროზე აქვთ შემოდებული ეს საქმე, როცა მივდივარ გამომძიებელთან, ის დამცინის. მართალია უკვე დიდი დრო გავიდა მომხდარიდან, მაგრამ დამნაშავემ ხომ უნდა აგოს ოდესმე პასუხი? 1990 წელი იყო, მაშინ მე-8 კლასის მოსწავლე ვიყავი. ქუთაისში ჩემი სახლიდან გამოვედი და მამასთან მივდიოდი. მოულოდნელად თავს დამესხნენ, მანქანაში შემაგდეს და გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანეს. ვყიროდი, ისინი გაჩუმებას მთხოვდნენ, თუ ხმას ამოვიღებდი, მოკვლითაც მემუქრებოდნენ. შეიარაღებულები იყვნენ. ერთ-ერთ სოფელში ვიღაცის სახლში მიმიყვანეს, იარაღის მუქარით გამომიყვანეს მანქანიდან, რამდენიმე საათი იქ გავატარე. შიშით ხმამაღლა ვერ ვტიროდი. ვთხოვდი, ეთქვათ, ჩემგან რა უნდოდათ. მალევე მანქანაში ისევ ძალით ჩამსვეს და სოფელ ჭოლევში წამიყვანეს. მერე გავიგე, რომ ვინმე ხვიჩას ოჯახში მივუყვანივართ.
სახლში გოჩა ცნობილაძე და მისი დედა იყვნენ. არცერთს არ ვიცნობდი. გოჩა ცნობილაძე სრულიად უცხო ადამიანი იყო ჩემთვის, ცხოვრებაში ნანახიც არ მყავდა. ჩემზე ბევრად უფროსი იყო. 15 წლის ბავშვს სასტიკად მომექცა, მეძალავა, ვხედავდი, გაუპატიურებას ცდილობდა, წინააღმდეგობას ვუწევდი, ამას როგორ ბედავო და მცემა კიდეც, მერე გამაუპატიურა. მხეცივით იქცეოდა… მერე ჩემმა მშობლებმა მომაგნეს იქ და სახლში წამომიყვანეს. თავიდან საჩივარი არ შეგვიტანია პოლიციაში, რადგან ისინი გვემუქრებოდნენ, დაგხოცავთო, – მოგვიანებით ვიჩივლე, მაგრამ დღემდე თაროზე უდევთ ძალოვნებს ეს საქმე“,- აცხადებს ირინა ჯიმშელეიშვილი.
მისი თქმით, თუ გამოძიება სიმართლეს არ დაადგენს და დამნაშავეს არ დასჯის, ის სუიციდის აქტს განახორციელებს.
,,ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ თავის მოკვლა ვცადე. ბენზინი გადავისხი, მაგრამ მაშინ გადამარჩინეს. ამის შემდეგ მივიღე შეტყობინება, რომ პროკურორი გიორგი ცხოვრებაძე მიბარებდა. მივედი პროკურატურაში, სამი საათი ველოდებოდი მისაღებში, როგორც იქნა მის კაბინეტში შევედი. მაგიდაზე ფეხები ეწყო. ფეხიც კი არ ჩამოუწევია ძირს, მითხრა, აბა, მითხარი თავის დაწვა რატომ გინდოდაო, რომ მოვუყევი მიზეზი, მომიბრუნდა და მითხრა, ახლა იმათი სახელი და გვარები ჩამომიწერე, ვინც თავის მოკვლაში ხელი შეგიშალა და მათ უმკაცრესად დავსჯიო. ასეთი ცინიკური იყო პროკურორის დამოკიდებულება, გამოვედი მისი კაბინეტიდან და უკან მომაძახა, თუ არ დაწყნარდები, საგიჟეთში გამოგამწყვდევო“,- აცხადებს ირინა ჯიმშელეიშვილი.
„კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
,,პროკურორის ხელმოწერილ დოკუმენტში ვკითხულობთ: კონკრეტული პირი რომ მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ამისთვის, გარდა ირინე ჯიმშელეიშვილის ჩვენებისა, საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს და ჯიმშელეიშვილის ჩვენების სარწმუნოობის შესაფასებლად ექსპერტიზის ჩატარებაა საჭირო, ის კი უარს ამბობს ექსპერტიზის ჩატარებაზეო.
გამოძიებას მოწმის სახით დაკითხული ჰყავს გოჩა ცნობილაძე. ის თავის ჩვენებაში არ უარყოფს ირინა ჯიმშელეიშვილთან სქესობრივ კავშირს, მაგრამ მისი მონათხრობი აბსოლუტურად განსხვავდება ირინას ჩვენებისგან.
მისი ჩვენების თანახმად, ირინას დედას უთხრა, რომ მისი ქალიშვილის ცოლად შერთვა უნდოდა და თანახმა იყო და ამაზე წინააღმდეგობა არც თავად ირინას გაუწევია“, – წერს გაზეთი.
გაზეთის ცნობითვე, ასეთ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ირინას დედა, თინათინი და ირწმუნება, რომ მისი შვილი ქუჩიდან გაიტაცეს და არანაირი მოლაპარაკება მასთან არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები