„მარგველაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება!“

მარგველაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება! -ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში უფლებადამცველ ალექსანდრე კობაიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.
კობაიძე გიორგი მარგველაშვილს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტი მხოლოდ ვეტოების გამოყენებითაა დაკავებული.
“დღეიდან საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოფნა-არყოფნის საკითხის განხილვას ვიწყებთ. ეს პროცესი წარიმართება საჯაროდ. ჩვენ ვაყენებთ მოთხოვნას, რომ გადადგეს გიორგი მარგველაშვილი. ვინაიდან მსგავსი მოთხოვნა უკვე მომწიფებულია საზოგადოებაში, ყველას კარგად აქვს შეგნებული, რომ ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვეტოების დადებითაა დაკავებული, ამაზე მეტს ვერაფერს ახერხებს და ამ დროს, ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით, აბსოლუტურად უმაქნის ადმინისტრაციას ვინახავთ. ამიტომ ამ მოთხოვნაში ჩავრთავთ მთელ ქვეყანას და ყველაფერს ვიღონებთ, რომ ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი თავის ძველ პროფესიას, ექსპერტობას დაუბრუნდეს და სჯობს, იყოს ექსპერტი, ვიდრე ამ ქვეყნის მოსახლეობის ნებისყოფაზე ატარებდეს ექსპერიმენტებს. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, 2013 წელს აიღო პასუხისმგებლობა, რომ ის უნდა მომსახურებოდა საქართველოს, მთელ საზოგადოებას, თუმცა, აღმოჩნდა ისე, რომ ეს ადამიანი არათუ ქვეყანას, არამედ ერთი, კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურება“,- აცხადებს კობაიძე და დასძენს, რომ ეს პარტია “ნაციონალური მოძრაობაა“.
“დღეს მარგველაშვილი იქცა “ნაციონალური მოძრაობის” კაპრიზების შემსრულებლად. არ ემსახურება ეს ადამიანი ამ ქვეყანაში არსებული საზოგადოების ინტერესებს, ვერ ასრულებს საზოგადოების დაკვეთას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ადამიანმა ისაუბრა იმ მოსამართლეებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებს არღვევდნენ. დღეს მარგველაშვილი მათზე ამბობს, რომ დრო არ არის მოსამართლეების საქმეებზე საუბრის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტს არ სურს, ქვეყანაში რამე შეცვალოს და მინიმუმ, ქვეყნის ის მართლმსაჯულება გააკრიტიკოს, რომელიც ასეთი ცოდვილია და როცა ქვეყანაში პრეზიდენტი არ საუბრობს სამართლებრივ სისტემაზე, რის მოლოდინი უნდა გქონდეს ამ ქვეყნის მოქალაქეს – რის სამართლიანობის აღდგენის, ან სამართლიანობის დამკვიდრების?! არ სჭირდება ამ ქვეყანას ასეთი პრეზიდენტი და საერთოდაც, სამარცხვინოა, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი პრეზიდენტი ჰყავს“,-აცხადებს ალექსანდრე კობაიძე ინტერვიუში.
ამასთან, უფლებადამცველი განმარტავს, როგორ აპირებს გიორგი მარგველაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას.
“ვაყალიბებთ ჯგუფებს და ვიწყებთ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას. ჩავალთ საქართველოს ყველა ქალაქში, რაიონსა და სოფელში. უნდა შევაგროვოთ მინიმუმ 100 ათასი ხელმოწერა. ამისთვის დაგვჭირდება დაახლოებით სამი თვე. შემდეგ ამ ხელმოწერებს მივუტანთ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს და მას მერე, რაც ამ ხელმოწერების ნამდვილობას გადაამოწმებენ, დაიწყება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. ამ ყველაფრის თანახმად, დაახლოებით 6 თვეში უკვე გადაყენებული იქნება პრეზიდენტი და დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები“,- აცხადებს კობაიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები