რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული საქართველოს 15-მდე პატიმარი საკუთარ ოჯახებს შესაძლოა, მალე დაუბრუნდეს

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული საქართველოს 15-მდე პატიმარი საკუთარ ოჯახებს შესაძლოა, მალე დაუბრუნდეს, – ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე საუბრობს, თუმცა რა პირობით ან რის სანაცვლოდ, არ აკონკრეტებს.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი პრაღაში, გრიგორი კარასინთან დაგეგმილი მორიგი შეხვედრის დროს ერთ – ერთ მთავარი თემა იქნება.
„ამ მიმართულებით უკვე გვაქვს გარკვეული შედეგები.სამი ადამიანი ჩამოვიყვანეთ გასულ წელს, რომელიც ამ ბრალდებით იხდიდა სასჯელს. 10,12 და 14- წლიანი სასჯელი ჰქონდათ მისჯილი. იმედი გვაქვს, კიდევ წამოვიყვანთ, რადგან რამდენიმე ადამიანი კვლავ რჩება რუსეთის ციხეებში“,- განაცხადა აბაშიძემ და მოლაპარაკების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
„შევთანხმდით, რომ მოლაპარაკების დეტალებს არ გავახმაურებდით. დელიკატური თემაა და ყველა დეტალზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის“,-დასძინა მან.
როგორც გამოცემა წერს, აბაშიძის მიერ ნახსენები სამი გათავისუფლებული პირიდან ერთ-ერთი საქართველოს საგარეო დაზვერვის ოპერატიული დირექტორატის უფროსის პირველი მოადგილე, 39 წლის ზაზა ხერკელაძეა. მან რუსეთის ციხეებში 5 წელი და 8 თვე გაატარა.
რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის აგენტებმა ის 2008 წლის ივნისის ბოლოს ვლადიკავკაზში დააკავეს. იგი ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში მეუღლესა და ორ მცირეწლოვან შილთან ერთად ცხოვრობდა და გორკის ქუჩაზე კაფე „ლედი ფოქსი“ ჰქონდა გახსნილი.
გასულ წელს ზაზა ხერკელაძისა და კიდევ ორი პირის განთავისუფლებას რუსეთის მხრიდან გარკვეული პირობები უძღოდა.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ქართველი მზვერავების განთავისუფლების სანაცვლოდ ოფიციალურ თბილისს რუსეთისთვის გორში ტერორისტული აქტის გამო გასამართლებული ოსი პატიმრები უნდა გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები