დავით ნარმანია: ვაკეთებთ – გაიძახით, რომ გადათხრილია ქალაქი, არ ვაკეთებდით და გაიძახოდნენ – მერია არაფერს აკეთებსო

თბილისის მერია ორთაჭალაში გულუას ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.
„რა რესურსებიც გვაქვს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. ვაკეთებთ – გაიძახით, რომ ცუდია და გადათხრილია ქალაქი. არ ვაკეთებდით და გაიძახოდნენ – მერია არ მუშაობს და არაფერს აკეთებსო“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
გამოცემასთან საუბრისას დავით ნარმანიამ მისი მერობის პერიოდში განხორციელებული პროექტები დაასახელა.
„პირველ რიგში, წყნეთის გზა, რომელიც ჩვენ მიმდინარე წელს გავაკეთეთ. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ასეთი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაგები-წყნეთის გზაზე ბოლო ათი წელია არ ჩატარებულა.
მეორე არის ხიდებთან დაკავშირებული პროექტი. ჩვენ ქალაქში არსებული 21 დიდი ხიდი შევამოწმეთ და გამომდინარე აქედან დავიწყეთ დაზიანებული ხიდების აღდგენა(?!). მათ შორის არის აღმაშენებლის ხეივნიდან დიდი დიღმისკენ გადასასვლელი ხიდი, რომელიც მთავრდება. 30 წელზე მეტია ეს ხიდი უფუნქციოდ იყო. ჩვენ დავიწყეთ გენერალური გეგმის მომზადება, რაც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტია.
გავაკეთეთ არსებული პრობლემების ანალიზი, გამოვაცხადეთ საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც გერმანულ-ქართულმა კონსორციუმმა გაიმარჯვა. გენერალური გეგმის სამუშაოები დაიწყო. ქალაქის გამწვანების კუთხით 130 ათასზე მეტი ხე დავრგეთ ორ სეზონზე. რამდენიმე ისეთი პროექტია, რომელიც აბსოლუტურად ჩვენი დაწყებული და გაკეთებულია“, – განაცხადა დავით ნარმანიამ და დასძინა, რომ აღმაშენებლის ხეივნიდან დიდ დიღომში გადასასვლელი ხიდიც, ფაქტობრივად, დასრულებულია და ახალი გზა თამარაშვილზე ორ კვირაში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები