ეკონომიკის მინისტრი ,,სიდ ფორუმ უკრაინის ფონდის“ დამფუძნებელს დიმიტრი პოდოლიევს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ,,სიდ ფორუმ უკრაინის ფონდის“ დამფუძნებელს დიმიტრი პოდოლიევს შეხვდა.

შეხვედრას დაესწრნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანი კვარაცხელია და სხვა ოფიციალური პირები.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ნორვეგიის სახელმწიფოს დაფინანსებით „სიდ ფორუმ ფონდის“ მიერ ინვესტიციების განხორციელების საკითხი საქართველოში.

„სიდ ფორუმ ფონდის“ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და მეწარმეობის განვითარებას საქართველოში. მის ძირითად კომპონენტებში შედის ინოვაციური ჰაბის (iHab) ფორმირება საქართველოში. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ე.წ. ქართული სილიკონის ველის ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის სამომავლო განვითარებაში. პროექტის ხანგრძლივობა 2 წელია.

საქართველოს მხრიდან პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო განახორციელებს, რომლისთვისაც ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვა პრიორიტეტია. იგი ინსტრუმენტია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, შემოსავლების ზრდისა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები