„ნაციონალური მოძრაობა“ ციხის ბუნტს გეგმავს – ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეხვედრებს თარგამაძე მართავს”

ახალგაზრდული მოძრაობა „თავისუფალი თაობის“ ლიდერის ლადო სადღობელაშვილის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ ციხის ბუნტის პროვოცირებას გეგმავს და ისინი ამ პროვოკაციისთვის სერიოზულად ემზადებიან.
როგორც ლადო სადღობელაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე ე.წ. კანონიერ ქურდებთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რაშიც სოლიდურ თანხას სთავაზობს.
ლადო სადღობელაშვილი გამოცემასთან აცხადებს, რომ „ნაციონალებმა“ სათავო ოფისი არა 3,5 მილიონ ლარად, არამედ 12 მილიონი ლარად გაყიდეს. მისი თქმით, „ნაციონალების“ სათავო ოფისი რუსმა ბიზნესმენმა შეიძინა.
ამავე ინტერვიუში, ლადო სადღობელაშვილი ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ „ნაციონალებიდან“ წასული ოთხი დეპუტატი სათავო ოფისის გაყიდული თანხიდან თავის წილებს ითხოვს. „ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისი იყიდებოდა, ამ პარტიის ერთ-ერთმა ყოფილმა წევრმა მომაწოდა. მანვე ისიც მითხრა, რომ „ნაციონალებს“ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ და ოფისის გაყიდვით აღებული თანხის ნაწილი პარტიიდან გასულ ხაჩიძეს, მელაძეს, კუბლაშვილსა და ჯაფარიძეს უნდა მისცენ, რადგან ამ ოთხეულმა საკუთარი წილი მოითხოვა.
ჩემი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისი ერთ-ერთმა რუსმა ბიზნესმენმა შეიძინა, თანაც არა 3,5 მილიონად, არამედ 12 მილიონ ლარად.
წარმოიდგინეთ, „ნაციონალებმა“ 9 წლის განმავლობაში ისე გაძარცვეს საქართველოს მოსახლეობა, რომ 12 მილიონ ლარად ღირებული პარტიული ოფისი აიშენეს, მაშინ, როცა გაჭირვებულ ხალხს 200-ლარიანი ოპერაციის გასაკეთებლად და სამკურნალოდ სახლ-კარის გაყიდვა უწევდა. „ნაციონალები“ სერიოზულად მუშაობენ იმაზე, რომ უახლოეს მომავალში რამდენიმე ციხეში ერთდროულად გამოიწვიონ სერიოზული ბუნტი! ჩემი ინფორმაციით, გივი თარგამაძე შეხვედრებს მართავს ე.წ. კანონიერ ქურდებთან და დიდი თანხის სანაცვლოდ სთხოვს მათ, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ ციხეებში ბუნტის პროვიცირებაში დაეხმარონ! ასე, რომ ხელისუფლებას ვაფრთხილებ, – „ნაციონალები“ ციხეებში სერიოზული ბუნტის პროვიცირებისთვის ემზადებიან“, – აცხადებს ლადო სადღობელაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები