საქართველოში 129 ტონა ქათმის ფარში მომხმარებელთა სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა

მომხმარებელთა ასოციაციის თავმჯდომარის გია ბურჯანაძის ინფორმაციით, საქართველოში 129 ტონა ქათმის ფარში, სალმონელოზით დაავადებული აღმოჩნდა.
როგორც გაზეთ „პრაიმტაიმს“ ბურჯანაძე უყვება, ხორცის ამ დაავადებას, სალმონელოზს, ფატალური შედეგის მოტანა – ადამიანის მოკვლა შეუძლია. „არადა, ხორცმა კონტროლი საბაჟო საზღვარზე გაიარა და ასე გადმოლახა ქვეყნის ტერიტორია. საბაჟოზე შემოსული პროდუქტის კონტროლი ეფექტური არ არის და ამას შეიძლება ფატალური შედეგებიც მოგვცეს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც, 114 ტონა ქათმის ფარში რეალიზაციაში გავიდა. საბაჟოზე შემოწმებული თუ იყო, რატომ შემოუშვა?! ფაქტი ლაბორატორიულმა კვლევამაც დაადასტურა, რომ ნამდვილად სალმონელოზით იყო დაავადებული. 129 ტონიდან 15 ტონა ამოვიღეთ და დანარჩენი 114 ტონა გაყიდული იყო.
მე, თქვენ და ჩვენი ოჯახის წევრებმა ნახევარფაბრიკატის სახით ის უკვე მივირთვით და ავითვისეთ“,- განაცხადა გია ბურჯანაძემ. სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე ქათმის ფარშში აღმოჩენილ დაავადებას ადასტურებს, თუმცა მის რეალიზაციას უარყოფს. „ გაყიდული ნამდვილად არ იყო. ეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოავლინა. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ამის კონტროლი და იყო ასეთი შემთხვევები. გამოვლენის ფაქტი დასტურდება, გაყიდის ფაქტს ვერ დავადასტურებ“,- აღნიშნა სოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები