მსოფლიო ბანკის ანგარიშში საქართველო ყველა ინდიკატორში რეგიონის ლიდერია

მსოფლიო ბანკმა 2014 წლის ანგარიში მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევა „Worldwide Governance Indicators“ გამოაქვეყნა, რომელიც 1996-2014 წლების პერიოდს მოიცავს. შეფასება სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 32 ორგანიზაცია). გლობალური მმართველობის ინდიკატორებით შეფასებულ 200 ქვეყანას შორის, სადაც კვლევის მიხედვით მმართველობის 6 ჯამური ინდიკატორია მოცემული, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.
ინდიკატორები მოიცავს: 1) გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება; 2) პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის აღმოფხვრა; 3) მთავრობის ეფექტიანობა; 4) რეგულირების ხარისხი; 5) კანონის უზენაესობა; 6) კორუფციის კონტროლი.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოს პოზიციები ზემოხსენებულ ექვსივე ინდიკატორში უმჯობესდებოდა, ხოლო 2014 წლის მონაცემების მიხედვით უკლებლივ ყველა მაჩვენებელი ისტორიულად მაღალია და გაუმჯობესების ტემპი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია მსოფლიოში.
მმართველობა თავის თავში გულისხმობს იმ ტრადიციებსა და ინსტიტუციებს, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება ხელისუფლება სახელმწიფოში. აღნიშნული კი მოიცავს ქვეყანაში არსებულ იმ სისტემას, რომლის საშუალებითაც აირჩევა და ხორციელდება ხელისუფლება, ასევე, ხელისუფლების უნარს, ჩამოაყალიბოს და დანერგოს ეფექტური რეფორმები, მოსახლეობის ნდობას აღნიშული პროცესებისადმი და სხვა. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით (World Governance Indicators) ხდება მონაწილე სახელმწიფოთა მმართველობის სხვადასხვა ასპექტის შეფასება.
როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს მიღწეული გლობალური მმართველობის ყველა ინდიკატორში. მსოფლიო მასშტაბით საქართველოს პირველი ადგილი უკავია განვლილი პროგრესის მხრივ ისეთ სფეროებში, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და რეგულირების ხარისხი (რომლითაც ფასდება სახელმწიფოს უნარი შეიმუშაოს და გაატაროს რეფორმები კერძო სექტორის განვითარების მიზნით).
მიღწეული პროგრესის მხრივ, საქართველოს პირველი ადგილი უკავია უკლებლივ ყველა ინდიკატორში რეგიონული მასშტაბით. რიგ ინდიკატორებში საქართველო არ ჩამოუვარდება ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ისეთი ქვეყნების შეფასებებს, როგორიცაა ჩეხეთი, სლოვაკეთი, იტალია, საბერძნეთი, მაკედონია, უნგრეთი, ბულგარეთი და სხვა.
ამ ინდიკატორით ფასდება სახელმწიფო სერვისების ეფექტურობა, საჯარო სამსახურის ხარისხი და პოლიტიკური დამოუკიდებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები