სერბეთმა ხორვატიის საზღვარზე სატვირთო ავტომობილების გადაადგილება ჩაკეტა

სერბეთმა ხორვატიის საზღვარზე, ყველა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომობილების გადაადგილება აკრძალა. ეს გადაწყვეტილება ბელგრადმა ზაგრების მოქმედების საპასუხოდ მიიღო, რომელმაც სერბეთიდან მიმავალი ტვირთებისთვის საზღვარი ჩაკეტა.
ყოფილი იუგოსლავიის ორ რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გამწვავება ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში ჩასულმა დევნილებმა გამოიწვიეს. მას შემდეგ, რაც მეზობელმა უნგრეთმა ქვეყანაში ლტოლვილების ჩასვლაზე შეზღუდვები დააწესა, ისინი ფაქტობრივად სერბეთში „გაჭედილები“ აღმოჩნდნენ და ხორვატიის საზღვარს მიაშურეს.
სერბეთის ხელისუფლებამ ხორვატიისგან ლტოლვილებისთვის საზღვრის გახსნა მოითხოვა. ამის საპასუხოდ ხორვატიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საზღვარი მას შემდეგ გაიხსნება, რაც სერბეთი ხორვატიის საზღვართან მათ მასობრივ ჩაყვანას შეწყვეტს. ხორვატიის პრემიერმა მილანოვიჩმა სერბეთი დაადანაშაულა, რომ იქ კერძო გადამყვანების ბიზნესი ყვავის, რომლებიც, ხორვატიის საზღვართან, ლტოლვილების გადაყვანით ფულს აკეთებენ. სერბეთის ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ლტოლვილები არც სერბეთსა და არც ხორვატიაში დარჩენას არ აპირებენ და ამ ქვეყნებს დასავლეთ ევროპაში ტრანზიტისთვის იყენებენ.
ამჟამად სერბეთმა თავის ტერიტორიაზე ნებისმიერი ხორვატიული ტვირთის გადაზიდვაზე ემბარგო დააწესა. ეს ეხება სატვირთო ავტომობილებს, მატარებლებსა და გემებს. აკრძალულია ასევე სერბეთის გავლით ხორვატიის კუთვნილი ტრანსპორტის გადაადგილება მესამე ქვეყნებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები