ნოდარ ჯავახიშვილი ლარის კურსზე: თუ ასე გაგრძელდება, მღელვარების საშიშროება იქნება
2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გასულ კვირას დაფიქსირებულ მაჩვენებელზე კომენტირებისას აცხადებს.
ჯავახიშვილის თქმით, სამართლებრივად ქადაგიძე და ეროვნული ბანკი ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არ არიან და მეტიც, კონსტიტუციის თანახმად, დღეს ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არავინაა.
“სამართლებრივად ქადაგიძე და ეროვნული ბანკი ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელნი არ არიან და მეტიც, კონსტიტუციის თანახმად, დღეს ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არავინაა. ეს გაუგებარი ანომალიაა, მაგრამ რეალობა ასეთია და, სამწუხაროდ, დღემდე არც კანონმდებლობა შეცვლილა. ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია: 2.54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ. რამდენიმე თვის წინანდელი მონაცემებით, აღებული სესხების 64% დოლარში იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ უარი უნდა თქვას გადახდაზე, ან გაყიდოს თუ რამე აქვს დარჩენილი. თუ ასე გაგრძელდება, მღელვარების საშიშროება იქნება. საზოგადოების ფსიქიკა ბოლო წლებში ისე შეიცვალა, რომ შედეგებზე საუბარი ძნელია. არც ისე დიდი ხნის წინ გავიგეთ, რომ თურმე მოსახლეობის ნაწილი წარმოუდგენელ შეურაცხყოფას ითმენდა. საზოგადოდ კი, ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფერზე მთავრობაა პასუხისმგებელი. ლარის თაობაზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ მიმართულებით ეკონომიკური გუნდი ინტენსიურად მუშაობს. რეაგირებასაც დროულად ახდენენ, მაგრამ შედეგზე ეს არ აისახება. რატომ ხდება ასე, საკმარისი ინფორმაცია არა მაქვს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მე ჩემს სამინისტროშიც ბევრი პრობლემა მაქვს“, – აცხადებს ჯავახიშვილი.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად სწორია ეროვნული ბანკისგან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა, ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ეს არასწორი ნაბიჯია.
თუმცა მისი თქმით, კონკრეტულ ვითარებაში მართებული გადაწყვეტილებაა.
“ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ხელისუფლება იღებს, პოლიტიკურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა ქადაგიძის წინააღმდეგ არის მიმართული. ხელისუფლებაში გარკვეული ჯგუფი მიიჩნევს, რომ ჯობია, ეროვნულ ბანკს ბანკებზე ზემოქმედების ეს იარაღი არ ჰქონდეს და ფულად-საკრედიტო პოლიტიკით დაკავდეს. ჩემი აზრით კი, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება პრობლემა იქნება, თუ ეროვნული ბანკი ბანკთა ბანკი არ იქნება.
ეროვნული ბანკი ბანკების მამინაცვალი კი არა, მამა უნდა იყოს, მაგრამ ეს ჩემი აზრია და არ ნიშნავს, რომ აპრიორი სწორს ვამბობ“,-აცხადებს ჯავახიშვილი.