თურქეთის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვას 13 მიგრანტი ემსხვერპლა, მათ შორის 4 ბავშვია
13 მიგრანტი დაიღუპა თურქეთის სანაპიროსთან დღეს ნავის ჩაძირვის შედეგად. დაღუპულთა შორის 4 ბავშვია. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
ერთმანეთს მიგრანტებით სავსე ნავი და ბორანი შეეჯახა, რის შედეგადაც ნავი გადაბრუნდა და ჩაძირვა დაიწყო. მაშველებმა 8 ადამიანის შველა შეძლეს. სამძებრო სამუშაოები თურქეთის სანაპიროსთან ამ დრომდე გრძელდება.
ცნობილია, რომ მიგრანტებით სავსე ნავი თურქეთის ჩანაკალედის პორტიდან საბერძნეთისკენ, კუნძულ ლესბოსზე მიემართებოდა.
„ძალიან ბნელოდა, უცებ ჩვენ შევნიშნეთ ბორანი, რომელიც ჩვენკენ მოემართებოდა. ჩვენ შევეცადეთ, რომ მათი ყურადღება მიგვეპყრო, ვყვიროდით და ხელებს ვუქნევდით, ვანათებდით შუქს ტელეფონების მეშვეობით, თუმცა მათ ჩვენ მაინც ვერ დაგვინახეს. ამის შემდეგ შეჯახებაც მოხდა. ნავის მგზავრები წყალში აღმოჩნდენ. ჩვენ დავკარგეთ ბავშვები, ჩვენ მათ სიბნელეში ვეღარ ვპოულობდით. ეს ნამდვილი საშინელება იყო“,- განუცხადა ახალი ამბების ბერძნულ სააგენტოს ერთ-ერთმა გადარჩენილმა მიგრანტმა ჰასინმა.