ალექსის ციპრასი: ქვეყანა სირთულეების გადალახვასა და სწორი მიმართულებით სვლას შეძლებს
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის განცხადებით, ქვეყანა სირთულეების გადალახვასა და სწორი მიმართულებით სვლას შეძლებს. ამის შესახებ პრემიერმა, ათენის ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. სოციოლოგიურ გამოკითხვებში მემარცხენე გაერთიანება „სირიზა“ და კონსერვატიული ახალი დემოკრატიული პარტია ლიდერობენ. თუმცა, ექსპერტების ვარაუდით, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას ვერც ერთი პარტია ვერ მოაგროვებს.
საბერძნეთში ბოლო ერთი წლის განმავლობაში რიგით მეორე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების წინასწარი შედეგები საღამოს 9 საათზე, უბნების დახურვიდან ორი საათის შემდეგ გამოცხადდება.