პუტინი ბელორუსიაში ავიაბაზის მშენებლობას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაბამის სამსახურებს ბელორუსიაში ავიაბაზის შექმნის შეთანხმების მომზადება დაავალა.
„მიღებული იყოს რუსეთის მთავრობის წინადადება ბელორუსიის ტერიტორიაზე რუსული საავიაციო ბაზის შექმნის შესახებ“, – ნათქვამია ბრძანებულებაში.
გასული წლის ოქტომბერში რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურმა გენერალ-პოლკოვნიკმა ვიქტორ ბონდარევმა განაცხადა, რომ 2016 წელს ბელორუსიაში, დასახლება ბობრუისკში ავიაბაზა აშენდება, სადაც „სუ-27“-ის ტიპის თვითმფრინავები განთავსდება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსული საავიაციო ბაზა პოლონეთისა და ლიტვის საზღვრის სიახლოვეს აშენდება.
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვი ბოლო დროს ნატოს მხრიდან სადაზვერვო ფრენების გააქტიურებაზე საუბრობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2015 წელს ალიანსის სადაზვერვო ფრენების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით სამჯერ გაიზარდა, ასევე უფრო ინტენსიური გახდა ნატოს სამხედრო წვრთნების რაოდენობა რუსეთის საზღვართან. ნატომ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ძალები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო დაპირისპირების დაწყების შემდეგ გააძლიერა. გარდა ამისა, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში შეერთებული შტატების დამატებითი ქვედანაყოფებიც ჩავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები