თურქეთის სანაპიროზე 4 წლის სირიელი გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს
თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე იზმირის მახლობლად 4 წლის სირიელი გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს. სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ბავშვი სხვა სირიელ ლტოლვილებთან ერთად ნავში იმყოფებოდა, რომელიც საბერძნეთისკენ მიმავალ გზაზე ამობრუნდა და ჩაიძირა. სექტემბრის დასაწყისში მთელი მსოფლიო შოკირებული იყო სამი წლის სირიელი ბიჭის ფოტოებით, რომელიც თურქეთის ქალაქ ბოდრუმთან, ასევე ნავის ჩაძირვის შედეგად დაიღუპა. აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ევროპაში ათასობით ლტოლვილი ცდილობს ჩასვლას. ბევრი მათგანი გზაში იღუპება. გაეროს მონაცემებით, 2015 წელს ხმელთაშუა ზღვაში 2 ათასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა.