პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთმა სირიაში ავიაგამანადგურებლები გააგზავნა
სირიის ქალაქ ლატაკიასთან ახლოს, ერთ-ერთ აეროდრომზე ოთხი რუსული ავიაგამანადგურებელი ჩაფრინდა. ამის შესახებ The Wall Street Journal პენტაგონის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში სააგენტო „როიტერს“ ასევე შეატყობინეს, რომ სირიაში რუსული ავიაგამანადგურებლები ჩაიყვანეს. გამოცემა WSJ-ი იუწყება, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავები სირიაში პარასკევს აღმოაჩინეს.
ამის შემდეგ დაახლოებით 50 წუთში რუსეთის და აშშ-ს თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ეშტონ კარტერმა და სერგეი შოიგუმ სირიაში არსებული სიტუაცია პირველად განიხილეს. მხარეებმა სირიაში რუსული შეიარაღების გაგზავნის საკითხზეც ისაუბრეს.
სირიაში რუსული საბრძოლო თვითმფრინავების ჩაფრენა აშშ-ს შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან ამერიკული თვითმფრინავები ამ ქვეყანაში სადაზვერვო ფრენებს ახორციელებენ. ასევე ამერიკული ავიაცია სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ბომბავს.