უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას „რუსეთის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ახალი ტიპის სანქციების დაწესების“ შესახებ. აკრძალვები შეეხებათ ადამიანებს, ვინც ყირიმის ანექსიასთან და დონბასში სამხედრო აგრესიასთან არიან დაკავშირებულები.
ახალ „შავ სიაში“ 388 ფიზიკური და 100 იურიდიული პირი შევიდა.
„ეს გადაწყვეტილება ჩვენ ევროპის კავშირის, აშშ-ს და სხვა ქვეყნების პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის პირობებში მივიღეთ. ეს ადეკვატური რეაქციაა ყირიმის ანექსიასა და დონბასში განხორციელებულ აგრესიაზე“, – განაცხადა პოროშენკომ კიევში ევროკავშირის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე.
სანქციები შეეხო რუსეთის, უკრაინის მოქალაქეებს, ე.წ დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების წარმომადგენლებს, ასევე ევროპის ქვეყნების და ისრაელის მოქალაქეებს.
ამ პირთა მიმართ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, მათი ქონებით სარგებლობის დროებით შეზღუდვას, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის დაუშვებლობას და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს.