ამერიკელებმა სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ოთხი ვერტმფრენი აღმოაჩინეს

ამერიკულმა სადაზვერვო თანამგზავრებმა სირიის ლატაკიის პორტთან რუსეთის შეიარაღებული ძალების ოთხი საბრძოლო ვერტმფრენი აღმოაჩინეს. პენტაგონის ინფორმაციით, რუსი სპეციალისტები იქ სამხედრო აეროდრომს აშენებენ. ამის შესახებ ტელეარხი Fox News იუწყება.
აშშ-ს სახელისუფლო სტრუქტურების ცნობით, რომელიც ბოლო სადაზვერვო მონაცემებს გაეცნო, ორი სამხედრო ვერტმფრენი: „მი-24“ და ორი „მი-17“ ლატაკიასთან ახლოს მდებარე აეროდრომზე აღმოაჩინეს.
პენტაგონის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არის იმის მინიშნება, რომ ვერტმფრენები ჰაერში აფრინდნენ. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საბრძოლო შვეულმფრენები გაფრენას შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების შემდეგ განახორციელებენ.
აშშ-ს სამხედრო უწყების ინფორმაციით, მანამდე რუსეთმა სირიაში „ტ-90“-ის ტიპის ტანკები, 15 ჰაუბიცა და 35 ჯავშანტრანსპორტიორი გააგზავნა.
პენტაგონის ინფორმაციით, ლატაკიაში ყოველდღიურად მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავის ორი რეისი ხორციელდება. სულ სექტემბრიდამ 20 ასეთი გაფრენა მოხდა. რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების ცნობით, თვითმფრინავებს სირიაში ჰუმანიტარული ტვირთი ჩააქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები