„ნაციონალური მოძრაობა“ კახელი მევენახეების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს“

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ „ნაციონალურ მოძრაობას“ კახელი მევენახეების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გურამ ადამაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მევენახეების პრობლემები შეახსენა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებები დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობად შეაფასა.
ადამაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გუნდის მმართველობისას მევენახეებს ისეთ ხელოვნურ ბარიერებს უქმნიდნენ, რომ მიზერულ ფასადაც ვეღარ ახერხებდნენ ყურძნის გაყიდვას და ყურძენი ვაზზევე ლპებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მსგავსი განცხადებები ცინიზმითაა სავსე და სრულებით არ ემსახურება მევენახეების ინტერესების დაცვას, პირიქით, მიზნად ისახავს დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობით, თავიანთი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას. მინდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შევახსენო მათი ხელისუფლებაში ყოფნისას მათ მიერ კახელი მევენახეებისთვის მძიმე მდგომარეობა, რითაც სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრებს მორალური უფლება არა აქვთ, კახელი მევენახეეების თემა სპეკულირების საგნად აქციონ.
სააკაშვილის პრეზიდენტობისას სწორედ მისი სოფლის მეურნეობის მინისტრი, პეტრე ცისკარიშვილი გახლდათ ის პიროვნება, რომლის ბრძანებითაც 2006 წელს 14 ნოემბერს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის – სამტრესტის წარმომადგენლებმა, ფინანსური პოლიციის თანხლებით, იტალიური ინვესტიციით აშენებული ქარხანა “ბადაგონი“, რომელიც მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 27 ოქტომბერს საზეიმოდ გახსნა, დალუქეს და 100 ტონაზე მეტი ღვინო დაღვარეს, თან ისე, რომ ღვინის ხარისხი არც კი შეუმოწმებიათ. ამ პროცესში ტელეკამერების თანხლებით, თავად მონაწილეობდა სოფლის მეურნეობის მაშინდელი მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი. 2007 წლის შემოდგომაზე კი მთელმა საქართველომ ნახა ტელეკადრები, თუ როგორ ჩეხავს გამწარებული კახელი გლეხი ვაზს იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო მოსავლის ხელსაყრელ ფასად ჩაბარება.
სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ყურძნის ძალიან დაბალი ფასის გამო, გლეხს არანაირად არ უღირდა ვაზის მოყვანა, რის გამოც ვაზის გაჩეხვის მასობრივი ფაქტები დაფიქსირდა კახეთის რეგიონში. უფრო მეტიც, 2009 წელს სააკაშვილის მთავრობამ 600 ჰა ჰიბრიდული ვაზის გაჩეხვისთვის მევენახეები თავად წაახალისა და 1 ჰექტარი ვენახის აკაფვაში 1000 ლარს უხდიდა გლეხებს.
გავიხსენოთ, თუნდაც 2011 წელი, როცა კახელმა გლეხებმა ყურძნის უხვი მოსავალი მიიღეს, მაგრამ მისი ჩაბარება გაუჭირდათ და ფასიც ისეთი მიზერული იყო, რომ გაწეული ხარჯებიც ვერ აანაზღაურეს. თუ ვინმე ფასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამდა, მას ისეთ ხელოვნურ ბარიერებს უქმნიდნენ, რომ მიზერულ ფასადაც ვეღარ ახერხებდა ყურძნის გაყიდვას და ის ზედ – ვაზზევე ულპებოდა“,- აღნიშნა გურამ ადამაშვილმა.
ადამაშვილის განცხადებით, დღეს სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს მევენახეობის დარგის განვითარებისთვის და ვენახის ჩაბარებაზე გლეხებს სუბსიდირებას სისტემატურად უწევს.
„ნაციონალები“ ურცხვად იყენებენ იმ მდგომარეობას, რაც ღვინის ქარხნებს საქართველოს საზღვრებს გარეთ, განსაკუთრებით კი რუსეთსა და უკრაინაში წარმოებული პროდუქციის იმპორტირების მხრივ შეექმნათ და რის გამოც, ყურძნის საბაზრო ფასმა ბუნებრივად დაიწია და შარშანდელისაგან განსხვავებით, წელს შედარებით დაბალი ფასი აქვს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამისდა მიუხედავად, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით, მაინც ახერხებს იმას, რომ გლეხები არ დაზარალდნენ და მათი მოწეული მოსავლის ხელსაყრელ ფასად ჩაბარება შეძლონ. მინდა მივმართო კახელ მევენახეებს, ნუ აყვებიან „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებს, რადგან ისინი წინასაარჩევნოდ, აღნიშნულ თემას პარტიული ინტერესებისათვის იყენებენ“, – აღნიშნა უფლებადამცველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები