2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს.
„17 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად რუსეთის ფედერაციამ დაარღვია სუვერენული სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და ტერიტორიული მთლიანობა, რასაც საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია მოყვა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების, მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.
საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით, რუსეთის ფედერაცია დღემდე განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას; გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა, მათ შორის, ეთნიკური დისკრიმინაცია, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, საკუთრებაზე წვდომის შეზღუდვა და სხვა. დაუსჯელნი რჩებიან საქართველოს მოქალაქეების – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, ირაკლი კვარაცხელიასა და თამაზ გინტურის სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე და პასუხისმგებელი პირები. ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად, ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი დღემდე მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავ არ ეძლევა საკუთარი მანდატის სრულყოფილი შესრულებისა და ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა.
ამასთან, შემაშფოთებელია ოკუპირებულ რეგიონებზე უკანონო კონტროლის გაძლიერების მიზნით სამხედრო, პოლიტიკური და საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესის გაფართოება და ადგილობრივი მოსახლეობის ხელოვნური იზოლაცია, რაც სხვა მიზნებთან ერთად, ხალხთაშორისი მზარდი კავშირებისა და შერიგების პროცესის წინააღმდეგ არის მიმართული.
საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებასა და განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე. საქართველოს მთავრობა, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებული, ინტენსიური თანამშრომლობით, განაგრძობს ძალისხმევას ოკუპაციის მძიმე შედეგების დასაძლევად.
მშვიდობის განმტკიცებას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია. ოკუპირებულ რეგიონებზე შეზღუდული წვდომის პირობებში და ადგილზე არსებული მძიმე უფლებრივი, უსაფრთხოების და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, საქართველოს მთავრობა მტკიცედ და განუხრელად აგრძელებს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას. დეოკუპაციასთან ერთად, ძალისხმევა მიმართულია ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის მშენებლობის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობისკენ, ასევე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივების შეთავაზებისკენ.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი უაღრესად მნიშვნელოვნად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას და კონსოლიდირებული ძალისხმევის გაგრძელებას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი განმტკიცების მიზნით; ასევე, საერთაშორისო პარტნიორების როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში“, – აღნიშნულია განცხადებაში.