შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული ზ.ნ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, 1981 წელს დაბადებულმა ზ.ნ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელი – 1975 წელს დაბადებული ზ.ი. მოკლა. ინფორმაციის მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, რა დროსაც დანაშაულის ჩამდენმა პირმა სამართალდამცველების მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სროლის შედეგად დაზიანება მიიღო შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა. ორივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ნ. ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები