უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: ომი ჩვენთვის სასარგებლო გზით უნდა დასრულდეს
იმისათვის, რომ ომი უკრაინის სასარგებლოდ სამხედრო მეთოდებით დასრულდეს, აუცილებელია მტერს ისეთი დანაკარგები მივაყენოთ, რაც მას დათმობებზე წასვლას აიძულებს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ TSN-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ხედავს თუ არა ომის სამხედრო მეთოდებით დასრულების პერსპექტივას, რაზეც სირსკიმ უპასუხა, რომ „ომი ჩვენთვის სასარგებლო გზით უნდა დასრულდეს“.
„ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ანუ უნდა გავიმარჯვოთ და არა უკან დავიხიოთ. მტერი უნდა გავანადგუროთ. ისეთი დანაკარგები უნდა მივაყენოთ, რომ ამ ომს დაასრულებს. უფრო მეტიც, ის ამ ომს არა ძალის პოზიციიდან, არამედ ჩვენი პირობებით დაასრულებს“, – თქვა მთავარსარდალმა.
როგორც UNIAN-ი იუწყება, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ცოტა ხნის წინ გამოთქვა რწმენა, რომ ფინანსური მხარდაჭერის გაზრდა შეიძლება ეფექტური სტიმული იყოს ხალხისთვის, რომ ნებაყოფლობით შევიდნენ სამხედრო სამსახურში ომის დროსაც კი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეითი ჯარისკაცების რაოდენობის საკითხი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის „სერიოზულ პრობლემად“ რჩება.