„ახალი სწავლო წლის დასაწყისი თითოეული ჩვენგანისთვის წლის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
ახალი სწავლო წლის დასაწყისი თითოეული ჩვენგანისთვის მუდმივად არის წლის მნიშვნელოვანი მოვლენა, – ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა.
გიორგი ალიბეგაშვილი 64-ე საჯარო სკოლას ეწვია და სასწავლი წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პირადად მიულოცა.
,,ახალი სწავლო წლის დასაწყისი თითოეული ჩვენგანისთვის მუდმივად არის წლის მნიშვნელოვანი მოვლენა, ამიტომაც ამ დღისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს.
ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს გილოცავთ ამ დღეს და იმედს გამოვთქვამ, რომ საჯარო სკოლებში მიღებული ზოგადი განათლება თითოეული თქვენგანისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდება’’,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
დღესვე საკრებულოს თავმჯდომარემ სკოლის შენობა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ წელს სკოლაში მოსწავლეებს ბევრად კეთილმოწყობილი და კომფორტული გარემო დახვდებათ, რაც განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და შიდა სამუშაოების მასშტაბურობით გახდა შესაძლებელი.
64-ე საჯარო სკოლა სამსექტორიანია და სწავლება აქ ქართულ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე მიმდინარეობს.
ამასთან, მეორე წელია, რაც სკოლაში სპეციალური პროექტი მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც, სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის ინტეგრირებული კლასია შექმნილი.