პატრიარქმა სტუდენტები დალოცა
“ახლა იწყება თქვენი მოღვაწეობა, დიდი პასუხისმგებლობა – პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე, ერის წინაშე, საკუთარი თავის წინაშე, ოჯახის წინაშე”, -ამ სიტყვებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს სტუდენტებს მიმართა და ისინი დალოცა. საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ ახალგაზრდობის წინაშე არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში ნარკომანიის სენზე გაამახვილა ყურადღება.
“ხვალ სასწავლო წლის დასაწყისია. მოხარული ვართ, რომ აქ ბრძანდებიან ჩვენი ახალგაზრდები, რომელთაც ოქროს მედლები დაიმსახურეს და სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს. მინდა გითხრათ, რომ ახლა იწყება თქვენი მოღვაწეობა, დიდი პასუხისმგებლობა – პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე, ერის წინაშე, საკუთარი თავის წინაშე, ოჯახის წინაშე, ამიტომ მზად უნდა იყოთ, ყოველი ადამიანი მზად უნდა იყოს განსაცდელისთვის, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს. საერთოდ, ჩვენი ახალგაზრდობა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. ჩვენ ვერ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, რაშიც კაცობრიობა იმყოფება – ნარკომანია და სხვა სენი დღევანდელი ახალგაზრდობის ნაწილს ახასიათებს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხალხი ისეთი მადლით არის დაჯილდოებული, რომ ამ სენს დაძლევს და დიდი მოღვაწეობისთვის მოემზადება”, – ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.