ოთარ დანელია: საქართველოში დასრულდა ის დრო, როდესაც სახელმწიფო უხეშად ერეოდა რთვლის პროცესში

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კახეთის რეგიონში რთვლის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. როგორც „კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მინისტრი „რთველი 2015“-ის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთვლის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
თელავში გამართულ შეხვედრას კახეთის რეგიონის სახელმწიფორწმენებული-გუბერნატორი ირაკლიშიოლაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.
კახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ღვინის კომპანიაში – “კორპორაციაქინძმარაული” იმყოფებოდა.
ოთარ დანელია ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო. როგორც კომპანიის დირექტორმა ნუგზარ ქსოვრელმა აღნიშნა, კომპანია სრულ მზადყოფნაშია მიიღოს და გადაამუშაოს ყურძენი.
რთვლის მიმდინარე სეზონზე “კორპორაციაქინძმარაული” 1000 ტონამდე ყურძნის გადამუშავებას გეგმავს.
“კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შედის. საორგანიზაციო ყველა საკითხი მოგვარებულია. ყურძნის სიმწიფეში შესვლისთანავე, საწარმოები მზად არიან, მიიღონ ყურძენი. 24- საათიან რეჟიმში მუშაობს საკოორდინაციო შტაბიც. მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მევენახეებს რამდენიმე ალტერნატიულ გზას ვთავაზობთ. პირველი, ეს არის სახელმწიფო სუბსიდია საწარმოში ჩაბარებულ ყურძენზე – 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 35 თეთრი, ხოლო 1 კგ საფერავზე – 15 თეთრი; მეორე – შესაძლებელია ყურძნის რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში მოწყობილ სპეციალურ სარეალიზაციო პუნქტებში, სადაც ყურძენს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს; მესამე – მათ შიუძლიათ ყურძნის ჩაბარება სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ საწარმოებში, თუ მოსავალს არ იღებენ კერძო კომპანიები. ამ შემთხვევაში, ყურძნის ფასი ნაკლები იქნება საბაზრო ღირებულებაზე, რათა სახელმწიფო კერძო სექტორის კონკურენტი არ გახდეს. საქართველოში დასრულდა ის დრო, როდესაც სახელმწიფო უხეშად ერეოდა რთვლის პროცესში და თავად განსაზღვრავდა ყურძნის ფასს. ყურძნის ფასს არეგულირებს ბაზარი. ბოლო წლების მანძილზე არაერთი სისტემური ცვლილება განხორციელდა, რათა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ჯანსაღი და სწორი განვითარება ყოფილიყო შესაძლებელი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მომავალი წლიდან კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
რთველი დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებიდან დაიწყო.
11 სექტემბრის მონაცემებით, 5 ათას ტონაზე მეტი ყურძენი უკვე გადამუშავდა. ამ ეტაპზე ყურძნის მიღებას ღვინის მწარმოებელი 17 საწარმო, მათ შორის სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 4 საწარმო ახორციელებს. ყურძნის სიმწიფეში შესვლისთანავე, რთვლის პროცესში კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებიც ჩაერთვებიან. პარალელურად, ყურძნის მიღებას სხვა საწარმოებიც დაიწყებენ. ამ დროისთვის რთვლის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 70-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები