ანტალიაში ჩარჩენილი ქართველი ტურისტების ბედი ამ დრომდე გაურკვეველია – რას აცხადებს კომპანია „აირზენა“

ტურისტული კომპანია Alltours-ი წინასწარ იყო ინფორმირებული, რომ რეისი არ შესრულდებოდა და ტურისტებს ამის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს, მათ კი, ღამის გათენება აეროპორტში მოუწიათ. როგორც „კვირას“ „აირზენას“ გენერალურმა დირექტორმა იასე ზაუტაშვილმა განუცხადა, ავიაკომპანიის მხრიდან არაერთი შეტყობინებისა და გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია Alltours -მა თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიის გუშინდელი რეისის: ანტალია- თბილისის საფასურის გადახდა მაინც ვერ უზრუნველყო.
ზაუტაშვილის თქმით, შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ავიაკომპანია თავისივე სახსრებით რეისს ვერ განახორციელებს, რადგან კომპანიას ამის საშუალება არ აქვს. როგორც ზაუტაშვილი „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, Alltours -ს ავიაკომპანიასთან სოლიდური დავალიანება გააჩნია.
„აირზენას“, როგორც ასეთი, თურქეთში რეგულარული ფრენები არ გააჩნია. ჩვენ, საერთოდ, არ დავფრინავთ არც ანტალიაში, არც სტამბოლში და არც სხვაგან. Alltours-თან, სხვა ტურისტული სააგენტოების მსგავსად, ჩარტერულ რეისებზე ჩვენ გვქონდა ვალდებულება, შესაბამისად, Alltours-ს, თავის მხრივ, ევალებოდა, რომ ჩარტერის, ანუ თვითმფრინავის დაკვეთის ღირებულება ხელშეკრულების საფუძველზე გადაეხადა ავიაკომპანიისთვის. ეს არის ჩარტერული რეისი, რომელზეც თანხა თუ გადახდილი არ არის, რეისი ვერ წავა.
ჩვენც არ გადაგვიხადეს რეისის ღირებულება. გვესმის ამ ადამიანების მდგომარეობა, ვიცით, რომ იქ ბავშვებიც არიან და რთული სიტუაციაა, მაგრამ ჩვენ ვერ გავუშვებთ რეისს, რადგან ეს თანხები უნდა დაიფაროს“,- განაცხადა ზაუტაშვილმა.
ზაუტაშვილი ფიქრობს, რომ ქართული ტურისტული კომპანიები, მსგავსი სიტუაცის წინაშე რომ არ დადგნენ, სახელმწიფომ ამ მხრივ რეგულაციები უნდა შეიმუშაოს.
„არანაირ სამართლებრივ დავას არავისთან არ ვაპირებთ. დასრულდეს ეს პროცესი. შემდგომში კი დავსხდებით და მოვითხოვთ იმ საფასურს, რაც ჩვენს წინაშე აქვს Alltours -ს. ჩვენ მივცემთ საშუალებას, რასაკვირველია, რომ გარკვეულ პერიოდში მოხდეს ამ თანხის დაფარვა“, – დასძინა ზაუტაშვილმა.
თურქეთის ქალაქ ანტალიაში ჩარჩენილი ქართველი ტურისტების სამშობლოში გამომგზავრების დრო ამ დრომდე გაურკვეველი რჩება. ტუროპერატორ Alltours -ის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება ამ დროისთვის ვერ ხერხდება, რის მიზეზადაც „კვირასთან “ საუბრისას ტუროპერატორის თანამშრომელმა ავიაკომპანია „აირზენას“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების წარმოება დაასახელა. თუმცა, „კვირამ“ აღნიშნული ინფორმაცია ავიაკომპანიაში გადაამოწმა. კომპანია „აირზენა“ ტუროპერატორ Alltours -თან მოლაპარაკებებს კატეგორიულად უარყოფს. იასე ზაუტაშვილის განცხადებით, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებს დღეს მათთან არანაირი შეხვედრა არ ჰქონიათ. მისივე თქმით, „აირზენა“ ყველაფრის მიუხედავად, კომპანიასთან სამართლებრივ დავას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ანტალია-თბილისის რეისი უკვე მეორე დღეა არ სრულდება და საქართველოს 150-მდე მოქალაქე ანტალიიდან საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ისინი კურორტზე დასასვენებლად იყვნენ ჩასულები. პრობლემები კი გამოფრენის დღეს შეექმნათ, როდესაც ავიაკომპანია „აირზენამ“ რეისის შესრულებაზე უარი თქვა. მიზეზი მგზავრებისათვის რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო.
რეისის შესრულების დრო რამდენჯერმე შეიცვალა. პასუხი მგზავრებმა Alltours-გან ვერ მიიღეს. რეისი გუშინ 10 საათზე უნდა შესრულებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები