რეზო ჭეიშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი მწერალი, დრამატურგი და რუსთაველის პრემიის ლაურეატი რეზო ჭეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად დღეს გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, მაყვალა გონაშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია სად გადაწყდება მწერლის დაკრძალვა, ქუთაისსა თუ თბილისში.
მისივე თქმით, თბილისში დაკრძალვის შემთხვევაში, მწერალი დიდუბის პანთეონში დაიკრძალება.
“ჯერ არ ვიცით სად გადაწყდება რეზო ჭეიშვილის დაკრძალვა. ველოდებით მისი შვილების გადაწყვეტილებას. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ თუ თბილისში გადაწყდა, აუცილებლად დაიკრძალება დიდუბის პანთეონში”, – განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.

რეზო ჭეიშვილი 1933 წლის 24 აპრილს ქუთაისში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრაქუთაისის ვაჟთა მერვე საშუალო სკოლა. 1954 წელს კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
ჭეიშვილის დებიუტი მისი სტუდენტობისას, უნივერსიტეტის ალმანახ „პირველ სხივსა” და ახალგაზრდულ ჟურნალ “ცისკარში” შედგა, სადაც მისი მოთხრობები გამოქვეყნდა.
1961 წლიდან 1992 წლამდე კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად მუშაობდა, სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში: „ცისკარი“ და „საუნჯე“.
1992 წელს კი, საქართველოს მწერალთა ყრილობაზე წერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს, 2000 წლიდან კი, საქართველოს მწერალთა ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარე იყო.
არჩეულ იყო მესამე მოწვევის (1992-1995) პარლამენტის დეპუტატად.
რეზო ჭეიშვილი ეპიკურ, ტრაგიკულ-სატირულ ჟანრში მოღვაწეობდა. მისი უდიდესი ნამუშევარია “ცისფერი მთები”, რომელსაც 1984 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
რეზო ჭეიშვილს რამდენიმე გამორჩეული ნაწარმოებისა და მთელი თავისი შემოქმედებისთვის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია აქვს მინიჭებული.
ასევე, საქართველოს სახელმწიფო პრემია. 2012 წელს კი, მიიღი პრემია “საბა” ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები