გიგლა აგულაშვილი გოეთეს ინსტიტუტში კონფერენციას დაესწრო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი გოეთეს ინსტიტუტს სტუმრობდა, სადაც „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ – პროექტის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავს მასწავლებლების მიერ გარემოსდაცვითი პროექტების ერთობლივად დაგეგმვას და ამ სფეროში პრობლემების საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა საგნებში ინტეგრირებას. მასწავლებლებს კოორდინირებას საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და ვენის გარემოსდაცვითი უნივერსიტეტის თანამშრომლები გაუწევენ.
კონფერენციაზე გერმანელმა და ავსტრიელმა ექსპერტებმა მდგრადი განვითარების, სატყეო ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის პრობლემები განიხილეს.
პროექტი ხელს შეუწყობს იუნესკოს მსოფლიო სამოქმედო პროგრამას – „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“, რომელიც საქართველოს მიერ არის რატიფიცირებული.
პროექტს გოეთეს ინსტიტუტი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ მდგრადი განვითარების პერსპექტივებს, შეისწავლონ მასთან დაკავშირებული გამოწვევები და აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები