ბაკურიანში შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამა დასრულდა

თბილისის მერიის 2015 წლის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა“ ბაკურიანში დასრულდა.
უწყების ცნობით, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დაფინანსებით, 1 ივნისიდან, ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „ვერე პალასში“ 550-მა შშმ ბავშვმა, მოზარდმა და მათმა თანმხლებმა პირმა დაისვენა.
13 დღის განმავლობაში „ვერე პალასში“ შშმ პირთა ყოველი ნაკადის განკარგულებაში იყო სპორტული მოედანი, საცურაო აუზი, სატრენაჟორო, მაგიდის ჩოგბურთისა და საბილიარდო დარბაზები.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკურორტო მომსახურების პროგრამა პარალელურად ზღვაზე, ანაკლიაში ხორციელდება. წელს სასტუმრო „ოქროს საწმისში“ დასასვენებლად შშმ პირებზე 1 100 საგზური გაიცა. ანაკლიიდან დამსვენებელთა ბოლო ნაკადი 14 სექტემბერს დაბრუნდება.
„შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, სულ, 2015 წელს, მთაში და ზღვაზე 1 650-მა შშმ პირმა და მათმა თანმხლებმა დაისვენა.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს მთასა და ზღვაზე, გაცილებით მეტმა შშმ პირმა დაისვენა, რაც უკეთესი პირობების შექმნამ განაპირობა. „შშმ პირები ჩაკეტილ გარემოში იმყოფებიან, ეს კი ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე და საზოგადოებისგან მათი იზოლაციის წინაპირობას ქმნის. ჩვენი პროგრამა იმით არის აქტუალური, რომ შენობებიდან მათი გამოყვანა და თანატოლებთან ერთად სხვა გარემოში დასვენება ბავშვების ჯანმრთელობისა და ემოციური ფონის გაუმჯობესებას უწყობს ხელს“, – განაცხადა ჩივიაშვილმა.
თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივნის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ხაზგასასმელია ის ფაქტორი, რომ ბავშვებმა და მოზარდებმა მიმდინარე წელს ინკლუზიურ გარემოში პირველად დაისვენეს, რადგან წინა წლებში მათ შესაბამისი პირობები არ ჰქონდათ.
„მიმაჩნია, რომ პროგრამამ შედეგი გამოიღო. მომავალ წელს კი, ვიზრუნებთ მის დახვეწასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებებზე მეტად მორგებაზე“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

მიმდინარე წელს პირველად, კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, ბაკურიანსა და ანაკლიაში დამსვენებელ ბავშვებთან და მოზარდებთან ერთ დღეს ატარებდნენ და კონცერტებს მართავდნენ ცნობილი მომღერლები და ჯგუფები – რობი კუხიანიძე, ბაკურ ბურდული, ლევან მიქელაძე, „ფრანი“, „ჩვენებურები“ და „მგზავრები“.

თბილისიდან ბაკურიანსა და ანაკლიაში შშმ პირთა ყველა ნაკადს სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟი აცილებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები