გიგლა აგულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელ დირექტორს დევიდ მორისონს შეხვდა. მხარეებმა კავკასიის ბუნების ფონდის დაფინანსებით საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროექტები განიხილეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კერძოდ, CNF- ის დაფინანსებით, საქართველოს 9 დაცულ ტერიტორიაზე (მტირალა, ბორჯომ-ხარაგაული, თუშეთი, ვაშლოვანი, ლაგოდეხი, ჯავახეთი, ყაზბეგი, კინტრიში, ალგეთი) ინფრასტრუქტურის აღდგენა, საოპერაციო ხარჯების თანადაფინანსება და აღჭურვილობის განახლება ხორციელდება. შეხვედრაზე ბრაკონიერობის საკითხზეც იმსჯელეს და ამ პრობლემის გადაჭრის გზები განიხილეს.
შეხვედრას ასევე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი და კავკასიის ბუნების ფონდის პროგრამის დირექტორი დენიელ სეპიკი ესწრებოდნენ.